მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული გარიგებები

სპორტული გარიგებები 2023

სპორტის ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება, პროგრესირებს და ამის უკან მნიშვნელოვანი ფინანსური თუ საკადრო გადაწყვეტილებები დგას. გარკვეულწილად ამ სექტორის პოპულარობას სწორედ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განაპირობებს, რომელსაც ამათუ იმ სპორტის სახეობაში ვხვდებით.

დაწყებული მოთამაშეების უდიდესი კონტრაქტებით, დამთავრებული სხვადასხვა ორგანიზაციების დაარსება/გაერთიანებით, BMG გთავაზობთ 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ გარიგებებს, რომელმაც აწ უკვე გასული სპორტული წელი განსაზღვრა.

სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი ბეისბოლში გაფორმდა
თვეების განმავლობაში არსებული ჭორები გამართლდა. 2023 წლის ბეისბოლის საუკეთესო მოთამაშე შოჰეი ოტანიმ “ლოს-ანჯელეს დოჯერსთან” 10 წლიანი 700 მილიონის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული ხელშეკრულებაა.

ოტანის ხელშეკრულებამ მანამდე არსებულ მოლოდინებს 100 მილიონით, ხოლო ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ პატრიკ მაჰოუმსის 500 მილიონიან ხელშეკრულებას დაახლოებით 200 მილიონით გადააჭარბა.

ბეისბოლში არსებულ კონტრაქტებს შორის ოტანის შემდეგ ყველაზე ძვირად მისი ყოფილი თანაგუნდელის მაიკ ტრაუტის კონტრაქტი ფასდება, რომელსაც 426,5 მილიონიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კონტრაქტის დეტალების სიღრმეებში, რომ შევიდეთ გეტყვით იმასაც, რომ ოტანი მომავალი 10 წლის მანძილზე, წელიწადში საშუალოდ არა 70-ს, არამედ 2 მილიონს მიიღებს დანარჩენ 68 მილიონს კი გადავადებული წესით მიიღებს 2034-იდან 2043 წლის ჩათვლით.

კონტრაქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ 2025 წლიდან ხელშეკრულება უფრო მოქნილი გახდება და დამოკიდებული იქნება ოტანის პერფორმანსებზე, რის შედეგადაც მისი შემოსავლები გაიზრდება. ანუ რეალურად იაპონელს შეუძლია საბოლოო ჯამში 700 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშაოს.

შოჰეი ერთ-ერთი საუკეთესო ბეისბოლისტია, რომელსაც შეუძლია, როგორც პიტჩერად ანუ ჩამწოდებლად ისე დამრტყმელად თამაში, რაც ბეისბოლში დიდი იშვიათობაა. იაპონური წარმომავლობა კი მას გლობალურ ვარსკვლავად აქცევს აზიურ ბაზარზე რის გამოც უამრავმა აღმოსავლელმა დაიწყო ბეისბოლის ყურება და გაზარდა მისი აუდიტორიის რიცხვი.

დიდი ალბათობით ოტანის კონტრაქტი იქნება კატალიზატორი სხვა ბეისბოლის მოთამაშეებისთვის, რაც გაზრდის სპორტის ამ სახეობაში შემოსავლების და ხელფასების რაოდენობას. შედარებისთვის გეტყვით იმასაც, რომ ოტანის კონტრაქტი 300 მილიონით ჩამორჩება, ლიგის ყველაზე იაფი ფრენჩაიზის მაიამი “მარლინის” ღირებულებას, რომელიც 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

UFC-ის კონკურენტები PFL და Bellator გაერთიანდნენ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციამ, პროფესიონალ მოჩხუბართა ლიგამ თავისი კონკურენტი ორგანიზაცია ბელატორი შეიძინა.

გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა რაც ვიცით ისაა რომ ბელატორის ამჟამინდელი ღირებულება ნახევარ მილიარდს შეადგენს და ტრანზაქციის განხორციელებით კომპანია ბელატორის ყოფილი მფლობელი, პარამაუნტ გლობალი PFL-ის წილსაც მიიღებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს Bellator კვლავ საკუთარი სახელით გააგრძელებს არსებობას, თუმცა ნებისმიერ მებრძოლს ექნება უფლება რომ იბრძოლოს PFL-ში და მიიღოს მონაწილეობა PFL-ის ტურნირებში. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება შემადგენლობების აღრევა და ორივე ორგანიზაციის მებრძოლებს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა ჩვეულებრივ შეეძლებათ. ამ გარიგებით PFL გახდა ცალსახად UFC-ის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა შერეული საბრძოლო ხელოვნების სამყაროში და კომპანიის განცხადებით აქამდე თუკი 18-22 ივენთს ატარებდნენ წელიწადში ბელატორის შემოერთებით ღონისძიებების რაოდენობა 38-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით UFC-ის რიცხვებს უტოლდება. 38 ღონისძიებიდან ერთ-ერთი, როგორც კომპანიამ წინასწარ დააანონსა იქნება მეგა ხასიათის, სადაც ერთმანეთს ბელატორისა და PFL-ის ჩემპიონები დაუპირსპირდებიან.

თავად PFL-ის ღირებულება ნახევარი მილიარდიდან ერთი მილიარდის ფარგლებში მერყეობს და ეს ფასი შედგენილია ჯერ კიდევ კომპანიაში Saudi Arabia Public Investment-ის 100 მილიონიან ინვესტიციამდე. მას თავდაპირველად World Series of Fighting ერქვა და იგი 2012 წელს დაფუძნდა. 2017 წელს კომპანია საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა, რომლის სათავეშიც ვაშინგტონ კაპიტალსისა და ვიზარდსის მფლობელი ტედ ლეონსისი მოვიდა.

ჯიმ რეტკლიფმა “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იანი წილი შეიძინა
ინგლისის უმდიდრესი ადამიანის, ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფის კომპანია Ineos-მა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იანი წილი 1,6 მილიარდ დოლარად შეისყიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Ineos-ის თავმჯდომარემ გლეიზერების ოჯახის საკუთრებაში არსებული B კლასის აქციები და A კლასის აქციები შეიძინა, რომლებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

როგორც ცნობილია, რეტკლიფი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სპორტულ საქმიანობაზე, გლეიზერები კი გააგრძელებენ მარკეტინგულ და სხვა არა სპორტულ საქმიანობებს. ბრიტანელი ბიზნესმენი ასევე დააბანდებს 300 მილიონ დოლარს კლუბის სტადიონის “ოლდ ტრაფორდისა” და მოსამზადებელი ბაზის კერინგტონის გასანახლებლად.

ცნობისთვის, რეტკლიფამდე კლუბის 100%-იანი წილის შეძენა კატარელ შეიხს, იასიმ ბინ ჰამედ ალ თანის ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ძმებმა გლეიზერებმა კლუბის სრულად გასხვისება იუარეს და მხოლოდ მცირე წილის გაყიდვას დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯიმ რეტკლიფი ქონება Forbes-ის შეფასებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც ის ინგლისის უმდიდრესი ადამიანია. ხოლო რაც შეეხება გლეიზერებს, მათ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2005 წელს 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინეს.


NBA-იმ მარკ კიუბანს “Dallas Mavericks-ის” გაყიდვის ნებართვა მისცა
ამერიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალმა მირიამ ადელსონმა თავისი კაზინოს “Las Vegas Sands-ის” წილის 2 მილიარდ დოლარად გაყიდვა გადაწყვიტა. ადელსონი, როგორც ჩანს აქტიურად ადევნებს თვალს სპორტული კლუბების მზარდ ბიზნესს და გადაწყვიტა აღნიშნული თანხა თავადაც სპორტულ ფრენჩაიზში დააბანდოს. კერძოდ საუბარია NBA-ის კლუბ “დალას მავერიქსზე”, რომლის მფლობელიც მარკ კიუბანია.

როგორც ამერიკული მედია წერს, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კიუბანს ნება დართო “დალას მავერიქსის” საკონტროლო პაკეტი ადელსონზე გაეყიდა და საკითხი სულ მალე გაოფიციალურდება. ამასთანავე საკალათბურთო საკითხებზე პასუხისმგებელ პირად კვლავ მარკ კიუბანი დარჩება, რადგანაც ის იდეალურად უძღვება ტექსასურ კლუბს.

ცნობისთვის მირიამ ადელსონი კაზინო “Las Vegas Sands-ის” 400 მილიონ აქციას ფლობს, რომლის ღირებულებაც 19 მილიარდ დოლარს შეადგენს. კლუბის საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ ის გახდება სპორტული კლუბის ერთ-ერთი უიშვიათესი ქალი მმართველი და ამავდროულად უმდიდრესიც. Forbes-ის მონაცემებით ის მსოფლიოს 44-ე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 32,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

რაც შეეხება, “დალას მავერიქსის” ამჟამინდელ მფლობელ მარკ კიუბანს, მან საკალათბურთო კლუბი 2000 წელს 285 მილიონ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც 2011 წელს “მავერიკსმა” თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონობა სწორედ მისი მმართველობის დროს მოიპოვა. ცნობისთვის, ამჟამად კლუბის 100%-იანი პაკეტი 3.5 მილიარდ დოლარადააა შეფასებული.

ევროპის სუპერლიგის პროექტი განახლდა
ფიფას და უეფას წესები, რომელიც ამ ორ ორგანიზაციას უფლებას აძლევს დაბლოკონ სხვა ალტერნატიული ტურნირები ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ევროკავშირის სასამართლოსთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

თავდაპირველი პროექტის თანახმად უეფას სუპერლიგა უნდა ყოფილიყო დახურული ტურნირი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული, ტოპ კლუბებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და სხვა მეორე ხარისხოვან გუნდებს მასში მონაწილეობის უფლება არ ექნებოდათ.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერლიგა არ იქნება დახურული პროექტი და გათვალისწინებული იქნება აღზევება/დაქვეითების სისტემა და ამასთანავე ქალთა ფეხბურთიც.
პროექტის მესვეურები ავრცელებენ ცნობას, რომ მომავალი 3 სეზონის განმავლობაში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისგან 15 მილიარდ ევროს მიიღებენ.

მოცემული თანხიდან ერთი სეზონისთვის გამოყოფილი 5 მილიარდი ევრო იქნება, საიდანაც 400 მილიონი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც პატარა კლუბების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ დროს კი უეფა იმავე მიზნისთვის ორჯერ ნაკლებს 200 მილიონ ევროს ხარჯავს.
რაც შეეხება თამაშების სატელევიზიო ტრანსლაციას ის ყველა მაყურებლისთვის უფასო იქნება და სპეციალურად ჩემპიონატისთვის შექმნილ პლატფორმა Unify-ზე იქნება განთავსებული.

ამ ეტაპზე სუპერ ლიგის პროექტში მხოლოდ “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” არიან გაწევრიანებულები, რომლებიც ტურნირის დაწყების შემთხვევაში ერთგულების ბონუსად თითო-თითო მილიარდ დოლარს მიიღებენ.

ცვლილება შეეხო ტურნირის ფორმატსაც. სუპერლიგაში მონაწილეობას 64 გუნდი მიიღებს, რომელიც სამ დივიზიონად იქნება გაყოფილი. უმაღლესი დივიზიონის სახელწოდება Star League (ვარსკვლავური ლიგა) იქნება, მეორე დივიზიონის Gold League (ოქროს ლიგა) და ბოლოს, Blue League (ლურჯი ლიგა). ვარსკვლავურსა და ოქროს ლიგაში 16 გუნდი იქნება, ხოლო ლურჯი ლიგა 32-გუნდიანი იქნება. ეს სახელები ევროკავშირის დროშის დეტალების გამო დაერქვა. კლუბები ითამაშებენ 8-გუნდიან ჯგუფებში, შინ და გარეთ, რაც ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულ 14 მატჩს ნიშნავს.

8 საუკეთესო კლუბი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. ლიგებს შორის იქნება აღზევება/გავარდნის ოფციონი. ლურჯ ლიგაში მოხვედრა კი ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ქალთა ლიგას აქ ორი დივიზიონია, სტარლიგა და ოქროს ლიგა, 16-16 გუნდით.

ცნობისთვის, ჯერ სუპერლიგის პროექტში გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ინგლისის პრემიერ ლიგის თითქმის ყველა კლუბი განუდგა პროექტს და მასში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. ამასთან ტურნირში ჩართვაზე უარი განაცხადეს: “მიუნხენის ბაიერნმა”, “ბენფიკამ”, “პსჟ-მ”, “დორტმუნდის ბორუსიამ”, “მილანის ინტერმა” და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები