მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციამ, პროფესიონალ მოჩხუბართა ლიგამ თავისი კონკურენტი ორგანიზაცია ბელატორი შეიძინა. ამის შესახებ PFL-ის დამფუძნებელმა დონ დევისმა სოციალურ ქსელ X-ის ვებგვერდზე დაწერა.
გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა რაც ვიცით ისაა რომ ბელატორის ამჟამინდელი ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს და ტრანზაქციის განხორციელებით კომპანია ბელატორის ყოფილი მფლობელი “პარამაუნტ გლობალი” PFL-ის წილსაც მიიღებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს Bellator კვლავ საკუთარი სახელით გააგრძელებს არსებობას, თუმცა ნებისმიერ მებრძოლს ექნება უფლება, რომ იბრძოლოს PFL-ში და მიიღოს მონაწილეობა მის ტურნირებში. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება შემადგენლობების აღრევა და ორივე ორგანიზაციის მებრძოლებს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა ჩვეულებრივ შეეძლებათ.
ამ გარიგებით PFL გახდა ცალსახად UFC-ის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია შერეული საბრძოლო ხელოვნების სამყაროში და კომპანიის განცხადებით აქამდე თუკი 18-22 ღონისძიებას ატარებდნენ წელიწადში ბელატორის შემოერთებით მათი რაოდენობა 38-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით UFC-ის რიცხვს უტოლდება.
თავად PFL-ის ღირებულება ნახევარი მილიარდიდან ერთი მილიარდის ფარგლებში მერყეობს და ეს ფასი შედგენილია ჯერ კიდევ კომპანიაში Saudi Arabia Public Investment-ის 100 მილიონიან ინვესტიციამდე. მას თავდაპირველად World Series of Fighting ერქვა და იგი 2012 წელს დაფუძნდა. 2017 წელს კომპანია საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა, რომლის სათავეშიც სპორტული კლუბების “ვაშინგტონ კაპიტალსისა” და “ვაშინგტონ ვიზარდსის” მფლობელი ტედ ლეონსისი მოვიდა.
რაც შეეხება ბელატორს მისი მფლობელი ამ დრომდე კინოწარმოების კომპანია “Paramount-ი” იყო, რომელიც ორგანიზაციას 2008 წლიდან მართავდა და ორგანიზაციის პრეზიდენტი 2014 წლიდან სკოტ ქუკერია, რომელსაც დონ დევისმა თანამდებობის შენარჩუნება შესთავაზა, თუმცა ქუკერის პოზიცია ამჟამად უცნობია.