მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ₾36 მილიონი იქნება

63a82ab259c9f
თელარა გელანტია
25.12.22 15:00
1030
2023 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 36 მლნ ლარი იქნება, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რიცხოვნობა სამოცადასამით არის განსაზღვრული.

აღსანიშნია, რომ სსიპ-ის წლევანდელი დაფინანსება 23 მლნ ლარი იყო.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უკვე ორი წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. ახალი უფროსის შერჩევის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული კონკურსი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, მაგრამ შედეგი, ჯერჯერჯობით, უცნობია.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის დაგეგმილია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. განხორციელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილის 70%-მდე შემცირებას და ევროკავშირისა და შორეული ქვეყნების (ჩინეთი, აშშ და სხვა) ბაზრების საბაზრო წილის 30%-მდე გაზრდას;
2. 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023-ზე;
3. სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ბალნეოლოგიური კურორტების იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა ცალკეული სახელმწიფო პროგრამები სპეციალური დაფინანსების პირობებით. ხელი შეეწყობა აღნიშნული მიმართულების განვითარებას;
4. ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება კურორტების (წყალტუბო, აბასთუმანი და სხვა) ეტაპობრივი განვითარება;
5. გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის მოხდება რეგიონებისთვის დამახასიათებელი/ავთენტური სამზარეულოს პოპულარიზაცია ქვეყნის წამყვანი შეფმზარეულების, ტუროპერატორებისა და მედიის ჩართულობით;
6. ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება პროექტი „ღვინის გზა“. პროექტი მოიცავს ქვეყანაში არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ღვინის ტურიზმის ფარგლებში მასპინძლობას ეწევიან;
7. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი, საქმიანი მოგზაურების მოზიდვისთვის საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება;
8. ქვეყანაში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების, ფრესკული მხატვრობისა და სიწმინდეების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია პილიგრიმული (რელიგიური) ტურიზმის განვითარება.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სამთო კურორტების განვითარებისთვის 2020−2024 წლებში სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარებისთვის დაგეგმილია სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და ოთხი სეზონის ტურისტული პროდუქტების შექმნა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები