2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სკოლების რაოდენობა გასულ სასწავლო წელთან შედარებით 6-ით, 2 296-მდე შემცირდა.
საქსტატმა დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2023-2024 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში 2 086 საჯარო და 210 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში შემცირებულია კერძო სკოლების რაოდენობა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა 0.2%-ით 634.3 ათასამდე გაიზარდა (2022/2024 სასწავლო წელი - 633.3 ათასი მოსწავლე). საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2% გოგოა, ხოლო 51.8% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.
2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1%-ით ნაკლებია.
2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9%-ით მეტია.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5%, ხოლო კაცების წილი 12.5%-ია.