მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს გეიტსების ფონდის ბიუჯეტი $8.6 მლრდ იქნება - ბილ გეიტსი ფონდის საქმიანობაზე

გეიტსები

2024 წელს ბილისა და მელინდა გეიტსების ფონდის ბიუჯეტი $8.6 მილიარდი იქნება, რაც გასულ წელთან შედარებით, 4%-ით მაღალია. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით გეიტსების ფონდი ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა 2026 წლის მიზანს, წლიური ბიუჯეტი $9 მილიარდამდე გაიზარდოს.

ფონდის საქმიანობის შესახებ მისმა დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა Yahoo Finance-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ზრდა მსოფლიო საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

"ჩვენი ფონდი ძალიან სწრაფად გაიზარდა პანდემიის პერიოდში და ახლაც, პანდემიის ხარჯების შემდეგაც, კვლავ რეკორდულ დონეს ვაღწევთ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობს. მეტიც, ჩვენი რესურსები ამ საჭიროებეს ბოლომდე ვერც კი დაფარავს, რის გამოც ვცდილობთ, მთავრობებისთვის თუ ქველმოქმედებისთვის შევქმნათ კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხებში ფინანსების მოპოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ამდენი გამოწვევის წინაშე დგას", - ამბობს გეიტსი.

გეიტსების ფონდისათვის მთავარი ფოკუსი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებია, განსაკუთრებით კი განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში. გეიტსი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით პროგრესი შენელებულია.

"მსოფლიო ამ წუთებში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. დღემდე გვაქვს მოცემულობა, რომ 5 მილიონი ბავშვი 5 წლის ასაკის მიღწევამდე იღუპება. ეს ვიზუალურად ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც, მაგალითად, ავიაკატასტროფა ან ბომბის აფეთქება, მაგრამ გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ერთმანეთს ემატება და 5 მილიონამდე ავდივართ. რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, საუკუნის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 10 მილიონამდე იყო, ამ პროგრესის დიდი ნაწილი კი ვაქცინაციაა. ბოლო წლებში, პანდემიასთან ერთად, ჩვენი პროგრესიც შენელდა. არადა, თუ ყურადღებას მოვადუნებთ და ვაქცინების დაფინანსებას არ გავაგრძელებთ (რაც, უნდა ითქვას, რომ 8 დოლარის ყველაზე ეფექტური გამოყენებაა), ვნახავთ, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ აიწევს. ნებისმიერი საკითხისთვის დღის წესრიგში დარჩენა რთულია, თუმცა ჯანდაცვა, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების ჯანდაცვა, იმსახურებს, რომ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს", - აცხადებს ბიზნესმენი.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა ჯანმოს მიერ X დაავადების განხილვაც იყო. გეიტსი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მსოფლიო მომდევნო პანდემიისათვის მოუმზადებელია.

"ყურადღება ძალიან მალე გაგვეფანტა და ახლა უკვე ახალი სისტემები და ხელსაწყოები გვჭირდება. პირდაპირ გასაოცარია, როგორ იკავებენ თავს ამაზე საუბრისგან ადამიანები. რა თქმა უნდა, წარსულში გახედვა და შეცდომების აღიარება მნიშვნელოვანია, რათა განვსაზღვროთ, რა ვისწავლეთ მათგან და რა შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგში - ეს საკმარისად არ ხდება.

ჩვენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავება გვჭირდება. მაგალითად, გვაქვს [კოვიდის] ვაქცინები, თუმცა მათი ეფექტი ხანგრძლივი არაა, ის პირდაპირ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, ინფექციას ვერ ბლოკავს - რა თქმა უნდა, მწვავე დაავადების წინააღმდეგ ერთგვარი სასწაულმოქმედიც კია, მაგრამ ჩვენ ის ისე სწრაფად ვერ მივიღეთ, როგორც გვჭირდებოდა. დიაგნოზის დასასმელადაც დიდხანს გვიწევდა ლოდინი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზოგიერთი ადამიანი დაავადებას კიდევ უფრო ავრცელებდა. ზოგიერთმა ქვეყანამ ამას თავი გაცილებით უკეთ გაართვა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც დაბალი ჰქონდათ. სახანძრო მზადებას ხშირად ვუტარებთ ხოლმე ადამიანებს, იმ შემთხვევისთვის, თუ ხანძარში მოხვდებიან, ვამზადებთ სამხედრო პროცესებისთვის და სამწუხაროდ, ამ სიას პანდემიაც უნდა შეუერთდეს, როგორც შემთხვევა, რომელსაც მომზადებული უნდა შეხვდე", - აცხადებს ბილ გეიტსი Yahoo Finance-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები