მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ნახშირორჟანგის ემისიები რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს - Reuters

ცო2

ნახშირბადის დიოქსიდის ემისიები, მათ შორის წიაღისეული საწვავის წვით გამოწვეული მავნე გამონაბოლქვი, 2024 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც სამყაროს კლიმატის ცვლილების დესტრუქციულ შედეგებთან კიდევ უფრო აახლოებს - ამის შესახებ The Global Carbon Budget-ის ანგარიშში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, 2024 წელს CO2-ის გლობალური ემისიების მოცულობა 41.6 მილიარდ ტონას მიაღწევს. გასულ წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40.6 მილიარდი ტონა იყო.

ემისიების ძირითადი ნაწილი, 37.4 მილიარდი ტონა, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვაზე მოდის, რაც 0.8%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

ნახშირორჟანგის დარჩენილი ნაწილი მიწათსარგებლობაზე მოდის, რაც, თავის მხრივ, დეფორესტიზაციისა და ტყის ხანძრების კატეგორიებსაც მოიცავს.

ანგარიშზე 80-მა სხვადასხვა ინსტიტუციამ იმუშავა, კვლევის ხელმძღვანელი კი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევრები იყვნენ. კვლევის ავტორი, პიერ ფრედლინგშტეინი აღნიშნავს, რომ თუ გლობალურად ემისიების შემცირებაზე მუშაობა არ დაიწყება, საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმ 1.5-გრადუსიან ზრდის ნიშნულს, რაზეც მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, ძალიან სწრაფად მივაღწევთ და გავასწრებთ კიდეც.

იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების გლობალური მიზანი შესრულდეს, დღეიდან 2030 წლამდე ემისიების მკვეთრი კლების ტენდენცია უნდა შეიქმნას. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნახშირორჟანგის ემისიები მხოლოდ იზრდება, რის გამოც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის 1.5-გრადუსიან ნიშნულზე შეჩერება რეალისტური მიზანი აღარაა.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში განახლებადი, მწვანე ენერგიის განვითარების ტემპი იზრდება, თუმცა განაწილება არათანაბარია - მდიდარი ეკონომიკები ემისიებს ამცირებენ მაშინ, როდესაც განვითარებად ქვეყნებში გამონაბოლქვის რაოდენობა იზრდება. ნავარაუდებია, რომ 2024 წელს აშშ-ის, ინდოეთის, ჩინეთის ემისიები კვლავ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები