წიაღისეული საწვავის წვისგან გამოწვეულმა ნახშირბადის დიოქსიდის ემისიებმა 2023 წელს რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწიეს, რაც კლიმატის ცვლილებასა და დესტრუქციული ექსტრემალური ამინდების მთავარი ხელშემწყობი გარემოებაა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
“ნახშირბადის გლობალური ბიუჯეტის” ანგარიშში, რომელიც გაეროს კლიმატის სამიტის ფარგლებში წარადგინეს, საუბარია CO2-ის ემისიების 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებლებზე და იმაზე, რომ ტყის დიდი მასების ჩეხის გამო 2023 წელს ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ბოლომდე მსოფლიო ქვეყნების 36.8 მილიარდ მეტრულ ტონა CO2-ს წიაღისეული საწვავის წვის პარალელურად გამოიმუშავებენ, რაც წლიურ ჭრილში 1.1%-იანი ზრდაა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხმელეთის ემისიებსაც გავითვალისწინებთ, CO2-ის გლობალური მოცულობა 40.9 მილიარდ ტონას აღწევს.
ემისიების მოცულობა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვის შედეგად გაიზარდა, რომელთა უმსხვილესი მომხმარებლები ინდოეთი და ჩინეთი არიან. გლობალურ ემისიებში ჩინეთის წილის ზრდა კოვიდ19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობების აღდგენის შედეგია, ინდოეთში კი ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი დაკმაყოფილება მხოლოდ განახლებადი ენერგიის მოცულობებითაა შესაძლებელი.
მიმდინარე წლის ემისიების ტრაექტორია მსოფლიოს გლობალური დათბობის პრევენციული ქმედებებისგან კიდევ უფრო აშორებს. 2015 წელს მსოფლიო ლიდერები “პარიზის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ”, რომ ტემპერატურის ზრდას 2C-ის ქვემოთ შეინარჩუნებდნენ და მიზნობრივ შედეგად 1.5C დაისახეს. იმისათვის, რომ ლიმიტის შენარჩუნება რეალისტური მიზანი იყოს, 2030 წლისთვის გლობალური ემისიები 43%-ით უნდა შემცირდეს, თუმცა კოვიდპანდემიის შემდეგ მათი მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.