მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია 2035 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 60%-ით შემცირებას გეგმავს

ემისიები

იაპონიის გარემოსა და ინდუსტრიის მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის თანახმადაც 2035 წლისთვის ქვეყნის სათბურის აირების ემისიების, 2013 წლის დონესთან შედარებით, 60%-ით უნდა შემცირდეს. მანამდე იაპონიის გეგმა 2030 წლისთვის ემისიების 46%-იანი შემცირება იყო.

იაპონიის ეს გადაწყვეტილება აშშ-ში, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დასახულ ახალ სამიზნე მაჩვენებლებს მოჰყვება: პარიზის შეთანხმების თანახმად, შტატები 2035 წლამდე ემისიებს 66%-მდე შეამცირებს, 2005 წლის დონესთან შედარებით. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს მიზანი მიღწევადია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მწვანე ფედერალურ პოლიტიკას შეცვლის.

იაპონიის მთავრობამ გეგმის პირველადი ვერსია ნოემბერში წარადგინა. ის 2035 წლამდე სათბურის აირების ემისიების 60%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა, 2040 წლამდე - 73%-ით, ხოლო წმინდა ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის.

კლიმატის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ იაპონიის სამიზნე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება “კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის” რეკომენდაციებს. IPCC მიიჩნევს, რომ იაპონიამ მიზანი 66%-მდე უნდა გაზარდოს. მიუხედავად ძლიერი კრიტიკისა, ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, ორმა მინისტრმა სამოქმედო გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა. გეგმის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება ეკონომიკურ ზრდას, ენერგოუსაფრთხოებასა და დეკარბონიზაციას შორის.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, იაპონია ახალ სამოქმედო გეგმას გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მომდევნო წლის დასაწყისში წარუდგენს.

პარიზის შეთანხმების თანახმად, გაეროს წევრმა ქვეყნებმა კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ჩარჩოს კონვენციაზე განახლებული და გაძლიერებული სამოქმედო გეგმები თებერვალში უნდა წარადგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები