მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29.9%-ით $1.3 მლრდ-მდე შემცირდა

ვაჭრობა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ FDI-ის 2024 წლის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზედიზედ მეორე წელია კლების ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში FDI-ის მოცულობა პანდემიურ 2020 წელს შემცირდა [$583 მლნ-მდე], 2021-2022 წლებში დინამიკა დადებითი იყო [$1.245 მლრდ, $2.253 მლრდ], ხოლო 2023 წელს ინვესტიციების მოცულობა $1.902 მლრდ-მდე შემცირდა.

რაც შეეხება 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 მილიარდ 170 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.

რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2024 წელს 87.8%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 83.7% იყო.

აღსანიშნია, რომ 2024 წლის განმავლობაში კვარტალების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება I და III კვარტალში დაფიქსირდა.

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 33.6%-ით, მეორეზე - მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4%-ით.

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2024 წელს 63.9% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს შემდეგნაირად განაწილდა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები