Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ შარშან საშუალო თვიური ხელფასი ინფლაციის გათვალისწინებითაც გაიზარდა. როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში თქვა, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შეფასებისას ინფლაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. 2024 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2059 ლარამდე გაიზარდა. ნომინალური ხელფასი მუდმივად მზარდია და უშუალოდ 2024 წელს ზრდა 292 ლარი იყო.
"2021 წლიდან თუ დავაკვირდებით ხელფასის ზრდის მაღალი ტემპია და ასევე საინტერესოა ინფლაციით შესწორებული ხელფასი როგორია, ანუ რეალური ხელფასი. მაგალითად 2024 წელს წლიურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ ნომინალში 16.5%-ით არის გაზრდილი, რეალური ხელფასი კი 15.2%-ით გაიზარდა. რეალური ხელფასი მის მსყიდველუნარიანობას გვიჩვენებს.
თუ ინფლაცია იმაზე მეტია, ვიდრე ნომინალურად ეზრდება ადამიანს ხელფასი ეს ნიშნავს, რომ მისი მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. ანუ წინა პერიოდში რა თანხასაც ღებულობდა, ახლა ის თანხა უკვე საკმარისი აღარ არის იგივე რაოდენობის საქონლი და მომსახურება რომ იყოდოს", - ამბობს ქავთარაძე.
როცა ნომინალურ ხელფასზე ვსაუბრობთ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2059 ლარი დარიცხული ხელფასია, ანუ საშემოსავლო გადაახადის ჩათვლით და არა ხელზე ასახები თანხა.
"მოგეხსენებათ, წელს ბიუჯეტით განსაზღვრულია საჯარო მოხელეებისთვის ნომინალური ხელფასის 8-10%-ით ზრდა. ჩვენი ვარაუდით, კერძო სექტორიც მიყვება იმიტომ, რომ მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მაღალია. ესეც უბიძგებს ხელფასების ზრდის პროცესს", - ამბობს ქავთარაძე.
საშუალო ხელფასი ასე გამოითვლება: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს აგროვებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას აწვდიან შემდეგ მონაცემებს: დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს ანუ ჯამურ თანხას, რაც ხელფასებზე იხარჯება. ეს ძირითად ხელფასთან ერთად ასევე მოიცავს პრემიას-დანამატსაც. ამის შემდეგ, სახელფასო ფონდი ჯერ იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.