2024 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 161 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. 2023 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა ფაქტობრივად უცვლელად შენარჩუნდა. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, ისეთების როგორიცაა Nike, Adidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა ბრენდები.
საქართველოდან ტანსაცმლის ყველაზე დიდი ნაწილი - 118 მილიონი დოლარი ექსპორტზე თურქეთში გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 74%-ია. სწორედ თურქული ინვესტიციით არის დაფუძნებული საქართველოში უმსხვილესი სამკერვალო ჰოლდინგი "აჭარა ტექსტილი", რომელიც საერთაშორისო ბრენდებისთვის ამზადებს პროდუქციას. ექსპორტში მეორე პოზიციას სომხეთი იკავებს 21 მილიონი დოლარით.
ექსპორტის დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იკერება, არის მაისურები, რომლის ექსპორტმაც 71 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 34 მილიონი დოლარით მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტები, მესამეზე კი ქალის ბიუსტჰალტერები, ქამრები და სხვა კომპლექტები.
2024 წელს საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი ასე ნაწილდება:
პოზიცია | საქონლის დასახელება | ექსპორტი 2024 წელს მილიონი დოლარი | ექსპორტის ზრდა კლება 2023 წელთან შედარებით |
1 | მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | $71 მილიონი დოლარი | 6% |
2 | კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა | $34 მილიონი დოლარი | -10% |
3 | ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა | $10 მილიონი დოლარი | 23% |
4 | კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა | $10 მილიონი დოლარი | 97% |
5 | კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი | $8 მილიონი დოლარი | -13% |
6 | საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | $5 მილიონი დოლარი | 3% |
7 | სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი | $4 მილიონი დოლარი | -13% |
8 | კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი | $4 მილიონი დოლარი | 48% |
9 | კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი | $3 მილიონი დოლარი | -25% |
10 | პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა | $3 მილიონი დოლარი | -43% |