მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველომ $52.6 მილიონის ზეთი შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

იმპორტი

იანვარში, საქართველოში მზესუმზირის ზეთი წლიურად 13%-ით გაძვირდა, დეკემბერთან შედარებით კი პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი 4.4%-ით გაიზარდა. დღეს, 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ღირებულება სხვადასხვა მარკეტში დაახლოებით 4 ლარიდან იწყება და დასახელების მიხედვით იზრდება.

საქართველოში ძირითადად იმპორტირებული ზეთი იყიდება. ქართული ბრენდირების ზეთებიც კი ქვეყანაში შემოტანილი და აქ დაფასოებულია. შეიძლება ითქვას, რომ ზეთის ადგილობრივი ფაქტობრივად არ გვაქვს. შესაბამისად ქვეყანა ზეთის იმპორტზეა დამოკიდებული. 2025 წლის პირველი თვის ვაჭრობის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა 2024 წლის ოფიციალურ სტატისტიკაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი გასულ წელს გაიზარდა.

წლის განმავლობაში საქართველომ 52 მილიონ 621 ათასი დოლარის ღირებულების 47 830 ტონა ზეთი შეიძინა. იმპორტის ღირებულება წლიურად 14,6%-ით, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 11.5%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს ზეთის იმპორტი გაძვირდა.

საქართველოსთვის ზეთის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია. იმპორტის 84.7% სწორედ რუსულ ზეთზე მოდის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანას მზესუმზირის ზეთის ქვეყნიდან ექსპორტზე ბაჟი აქვს დაწესებული, რაც თებერვალში 10.7%-ით გაიზარდა და ტონაზე 17 786 რუბლი შეადგინა.

2024 წელს საქართველოში 44 მილიონ 572 ათასი დოლარის ღირებულების 41 791 ტონა რუსული ზეთი შემოვიდა. იმპორტი 13.7%-ით გაიზარდა.

მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ქვეყნების არეალი არც ისე ვრცელია. რეიტინგში მეორე ადგილს უკრაინა იკავებს, საიდანაც 5 მილიონ 711 ათასი დოლარის ღირებულების 4 388 ტონა ზეთი შემოვიდა, რაც წლიურად მცირედით არის გაზრდილი. [2023 წელი - 5.4 მილიონი დოლარი, 4 064 ტონა].

1 მილიონ 737 ათასი დოლარის ღირებულების 1 307 ტონა ზეთი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეზობელი ქვეყანა რეიტინგში მესამეა.

მცირე მოცულობებით ზეთის იმპორტი უნგრეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები