Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასმა წლიურად 5.9%-ით მოიმატა და საშუალოდ კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ ცენტი შეადგინა. თვიურად ფასი მერყეობდა 4.6-დან 5.9 აშშ ცენტის ფარგლებში, რაც სეზონურად გენერაციის მოცულობაზე იყო დამოკიდებული.
2024 წელს ელექტროენერგიის მიწოდება 15.5 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა, აქედან 14.2 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაციის იყო, ხოლო 1.3 ტვტ.სთ იმპორტით შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 55.4%-ით მეტია. ჰიდროენერგეტიკამ გენერაციის 79.7% დაიკავა, რაც 4.4%-იანი ზრდის შედეგია. მიუხედავად ამისა, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 18.4%-ით შემცირდა, რაც გაზის ფასის ზრდასა და იმპორტის მოცულობის ზრდას უკავშირდება.
მომხმარებლობა 6%-ით გაიზარდა და 13.8 ტვტ.სთ შეადგინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირდაპირი მომხმარებლების 14.1%-იანი ზრდა, რასაც კრიპტო-მაინინგისა და მეტალურგიული ინდუსტრიის აქტიურობა განაპირობებს. საცალო მოხმარებაც 7.5%-ით გაიზარდა, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი თელმიკოსა (+8.9%) და ეპ ჯორჯიას (+6.5%) მომხმარებლებმა შეიტანეს.
2024 წელს ექსპორტი 28.7%-ით შემცირდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა. ძირითადი ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, სადაც ექსპორტის 82.6% გაიგზავნა. საექსპორტო ფასიც შემცირდა 27.9%-ით და კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა, რამაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 48.6%-იანი კლება გამოიწვია.
იმპორტი 55.4%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 78.9% რუსეთიდან განხორციელდა. აფხაზეთისთვის იმპორტი სპეციალური ფასით, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად განხორციელდა, რაც საშუალო იმპორტულ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
შედეგად, 2024 წელს საქართველო ელექტროენერგიის ნეტო იმპორტიორი იყო, რადგანაც იმპორტი ექსპორტს 0,3 ტვტ საათით აჭარბებდა.