მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2024 წლიდან ექსპორტზე ზრუნვას აქტიურად ვიწყებთ“-„იქვე მეღვინეობა“

იქვე მეღვინეობა

საგურამოში მდებარე „იქვე მეღვინეობა“ მიმდინარე წლიდან, საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, გივი ადეიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეღვინეობა 2021 წლამდე მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებდა. მაგრამ, 2021 წელს საგურამოში მარანი ააშენეს, სადაც ქვევრის ღვინოს გაზრდილი რაოდენობით წარმოება დაიწყეს.

ამ ეტაპზე, მეღვინეობა 6 სახის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. კერძოდ - ქისი, ხიხვი, ბუდეშური, კახური მწვანე, შავკაპიტო-თავკვერი და ჩინებული. ჩამოთვლილი ქვევრის ღვინოებიდან, მხოლოდ 3 სახის ღვინოს რეალიზაცია ხდება, ხოლო უახლოეს ორ თვეში, სარეალიზაციოდ კიდევ 3 სახის ღვინო დაემატება.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, ექსპორტზე მუშაობა ახლა დაიწყეს და მათი მთავარი აქცენტი ევროპისა და აშშ-ს ბაზრები იქნება.

„თავდაპირველად 2 სახის ქვევრის ღვინოს, ქისისა და ხიხვის წარმოება დავიწყეთ და დაახლოებით 3000 ბოთლი ჩამოვასხით. „იქვე მეღვინეობამ“ საზოგადოების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, უკვე 70-მდე ობიექტში ვართ წარმოდგენილი. პროდუქციის რეალიზაციას მსხვილი ღვინის ბუტიკებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში ვახდენთ. წარმოებული ღვინის 70% თბილისში იყიდება, ხოლო დანარჩენი რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, სტეფანწმინდა) რეალიზდება.

საექსპორტოდ აშშ-სა და ევროპის ბაზრებს განვიხილავთ, სადაც საწყის ეტაპზე მცირე რაოდენობის ღვინის გატანა იგეგმება. ამასთან, ჩინეთში სადეგუსტაციოდ ღვინო გვაქვს გაგზავნილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ამ ქვეყანაში დაბალია, უფრო მეტად ქარხნის ღვინოებს მოიხმარენ. შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებით ჩვენს სეგმენტში არ ჯდება.

რაც შეეხება, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათზე უარს ვიტყვით, რადგან ეს არასტაბილური მიმართულებაა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს წარმოების 20000 ბოთლამდე ზრდას ვგეგმავთ. წელს, უკვე მეორე მარანიც ავაშენეთ, რომლის სრულად მოწყობაში 800 000 ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, წარმოების 50 000 ბოთლამდე გაზრდას ვგეგმავთ,“- აცხადებს ადეიშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, მეღვინეობა ნედლეულს სხვადასხვა კლიმატური ზონიდან იბარებს, რადგან სხვადასხვა სახის ღვინის საწარმოებლად საჭირო გახდებოდა სხვადასხვა რეგიონში ვენახების გაშენება. მეღვინეობაში ძირითადად 7 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონურად მუშახელის 15 ადამიანამდე დამატება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები