უძრავი ქონების პირველად ბაზარზე, იმ პროექტებში, რომელთა მშენებლობის დასრულებაც 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი, ბინების 94% უკვე გაყიდულია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.
Galt-ის ინფორმაციით, იმ პროექტებში, რომლებიც 2027-28 წლებში უნდა დასრულდეს, ბინების 30%-ია გაყიდული, ხოლო გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემითაა შესრულებული.
ჯამში, 2024 წლის III კვარტალში პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები 7.3%-ით გაიზარდა I კვარტალთან შედარებით, რაც, Galt & Taggart-ის ცნობით, ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებითაა გამოწვეული.
ამასთან, დეველოპერული კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ, მაისის მკვეთრი შემცირების შემდეგ, ბოლო თვეებში უძრავი ქონების გაყიდვები აღდგა. მაისში გაყიდვების შემცირება დასვენების დღეების სიუხვითა და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით იყო გამოწვეული.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 0.1%-ით გაიზარდა აგვისტოსთან შედარებით.
"ამასთან, ზოგიერთ რაიონში (მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო და ისანი) ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდინცია და დეველოპერის რეპუტაცია", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ჯამში 2024 წლის 9 თვეში, პირველად ბაზარზე, 14 100 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომამ კი $1,08 მილიარდს მიაღწია.