მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევრო 2024

ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის პირველმა ეტაპმა სტარტი დღეს აიღო. მთავარი ამბავი ის არის, რომ ტურნირზე მოხვედრის შანსი საქართველოსაც აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ტურნირზე მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალში მომავალი წლის მარტში თამაშს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩავატარებთ და ფინალში გასვლის შემთხვევაში თურქეთ-საბერძნეთს შორის გასულს დავუპირისპირდებით.  

ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი დღეს, 3 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი და ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება. 

ბილეთების გაყიდვის მეორე ეტაპი წილისყრის დღეს ანუ 2 დეკემბერს დაიწყება, ხოლო 4 დეკემბრიდან ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები დამატებით კვოტებს მიიღებენ, რის შედეგადაც შესაბამისი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები, ან ოფიციალური ფანკლუბები ასეთ ბილეთებს გაყიდიან. 
გაზაფხულზე უეფა გულშემატკივრებს ბილეთების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. შეიქმნება პლატფორმა, სადაც ფანებს შეძენილი ბილეთების გაცვლა შეეძლებათ.

ბილეთები პაკეტების რეჟიმშიც გაიყიდება, რის შედეგადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ერთი ქალაქის ყველა თამაშს, play off-ის თამაშებს ან კონკრეტული ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს დაესწროს.  

სულ ტურნირზე 51 მატჩი გაიმართება და 2,7 მილიონი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების გაყიდვის პირველ ეტაპზე 1,2 მილიონი ბილეთი გამოვა გასაყიდად.

შშმ პირებისთვის ჯამში 42 000 ბილეთია გამოყოფილი. მათი მხლებლები კი სტადიონზე უფასოდ შევლენ.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ქვეყნის ფედერაცია ჯამში 1 მილიონ ბილეთს მიიღებს.
დარჩენილი 500 000 ბილეთი მოიცავს VIP ბილეთებს, სპონსორების ბილეთებს, პარტნიორების და ასევე ფედერაციების ბილეთებს.

რაც შეეხება ბილეთების ფასებს ჯგუფურ ეტაპზე ღირებულება 30 ევროდან 400 ევრომდე მერყეობს, ხოლო ფინალურ მატჩზე დასწრება 95-იდან 2000 ევრომდე ფარგლებში იქნება შესაძლებელი.  
ბილეთების მფლობელებს მატჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თამაშის ირგვლივ 36 საათის განმავლობაში. ამას გარდა ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებებითაც.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალურ მატჩს კი ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.