აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ინიციატივით, რეგიონებში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეულში შედგა, რომლის ფარგლებში ასევე გაიმართა კომიტეტის სხდომა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გელა სამხარაულმა აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, კომიტეტი გასვლით შეხვედრებზე, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ასევე მოისმენს ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშებს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
ქვემო ქართლში კომიტეტის სხდომა და მოსახლეობასთან შეხვედრა ძირითადად მელიორაციის საკითხებს დაეთმო, რომელიც გელა სამხარაულის განცხადებით, აქტუალურია როგორც ამ რეგიონში მცხოვრებთათვის, ასევე ქვეყნის მოსახლეობისათვის.
კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მაგისტრალური არხი დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მეშვეობით დაახლოებით 4 500-მდე ჰექტარი იქნება გასარწყავიანებული და ამ ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ გარდა მელიორაცისაა, ეს პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობასაც მოემსახურება, ვინაიდან არხი უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გადის და წყალუზრუნველყოფასთან ერთად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მოხდება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა. კომიტეტმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც აღნიშნული უწყების გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 100 პროცენტით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: საირიგაციო და დამშრობი სისტემებით მომსახურება, ტბორების / თევზის მეურნეობებისა და ჰესებისათვის წყლის მიწოდება, ასევე საწარმოებისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება.
მისივე თქმით, 19 სერვისცენტრში 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
წყალუზრუნველყოფილი ფართობი შეადგენს 163,500 ჰექტარს, მაშინ, როდესაც 2012 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 45 ათას ჰა-ს შეადგენდა. დამშრობი სისტემებით მელიორირებული ფართობი კი - 43,500 ჰა-ია, რაც 2012 წელს მხოლოდ 15 ათას ჰა-ს შეადგენდა. კომპანიის ფულადი შემოდინებები 2023 წელს მთლიანობაში 98,26 მლნ ლარს შეადგენდა, მათგან საკუთარი საქმიანობიდან - 21.26 მილიონი ლარი, სახელმწიფო სუბსიდია - 28.5 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალური პროექტებისთვის - 48,5 მლნ ლარი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროექტებს და მათ დაფინანსებას, მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წელს კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის კომპანიის ბიუჯეტში განსაზღვრულია 37 მლნ ლარი. არსებული ნაშთის გათვალისწინებით, 2024 წლის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტი 53.6 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარეობს 44 კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია, საერთო ღირებულებით - 98.4 მლნ ლარი და დაგეგმილია 4 ახალი ობიექტის მშენებლობის დაწყება, საერთო ღირებულებით 10.18 მლნ ლარი.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზრდება 9,278 ჰა-ით, სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება შეეხება დამატებით 11,484 ჰა-ს.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა 2024 წელს ახლად დასაწყებ პროექტებზე, რომელთა შორისაა: „ქვემო სამგორის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის ტაფობის ნატანისგან წმენდა“ პროექტირება-მშენებლობა; „რუისის სატუმბი სადგურის, ტაშისკარის სარწყავი სისტემის გ-62 გამანაწილებლის მკვებავი, სადაწნეო მილსადენის მონაკვეთის რეაბილიტაცია“ პროექტირება-მშენებლობა და სხვა.
მან ყურადღება გაამახვილა საირიგაციო წყლის აღრიცხვის სისტემებსა და სატარიფო პოლიტიკის რეფორმაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე და ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით გათვალისწინებულია სამი პროექტის განხორციელება: ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი; კლიმატგონივრული ირიგაციის (SCI) სექტორის განვითარების პროგრამა; საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL).
როგორც უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, „საქართველოს მელიორაციამ“ შარშან ბიუჯეტის შესრულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, საკასო შესრულება 42,7 მლნ ლარი იყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძის განცხადებით, სამინისტრო და კომიტეტი აქტიურ კოორდინაციაში არიან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ზოგადად სამინისტრო და მისი უწყებები ახორციელებენ. ხოლო რაც შეეხება მელიორაციის საკითხს, ორგანიზაცია საეტაპო რეფორმების დონეზეა როგორც ინსტიტუციური, ასევე უშუალოდ სისტემების მოდერნიზების და რეაბილიტაციის კუთხით.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით 11 მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 25 მილიონ ლარს აღწევს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში სარწყავი წყლის მიწოდება დაახლოებით 8 700 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაფერი კეთდებოდა, ხელისუფლებისთვის დარგი ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.
„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იმის საჭიროება დადგა, რომ უფრო მეტი ფართობი ყოფილიყო წყალუზრუნველყოფილი, ვინაიდან მელიორაციის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. დღეს ამ მიმართულებით, ხელისუფლების ძალისხმევით ბევრი რამ კეთდება, რასაც წარმოდგენილი ანგარიშიც ადასტურებს. ამ წელსაც დაგეგმილია სხვადასხვა პროექტი, შესაბამისად კი წყალუზრუნველყოფილი ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
კომიტეტმა უწყების საქმიანობა დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე ადგილობრივ მოსახლეობას და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივთა წინაშე დგას.
გელა სამხარაულის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები დაეხმარებათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტები მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო მორგებული გახადონ.
კომიტეტი გეგმავს ყველა რეგიონში ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან აღნიშნული ფორმატის შეხვედრები გამართოს.