გასული მსოფლიო ჩემპიონატი საგანგაშო და საყურადღებო აღმოჩნდა ამერიკის ნაკრებისთვის. მატჩებს არცთუ ისე დომინანტურ, ამერიკისთვის არადამახასიათებელ სტილში იგებდნენ და საბოლოოდ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან გამოვარდნენ კიდეც, რის შედეგადაც მე-4 ადგილი დაიკავეს. რა თქმა უნდა მიზეზებს შორის შემადგენლობაც უნდა დავასახელოთ, რომელიც ძალიან გადახალისებული იყო და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელები მეოთხე-მეხუთე შემადგენლობით იყვნენ ტურნირზე წარმოდგენილები.
შედეგით აღშფოთდნენ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები და აქამდე თუ ჭორის დონეზე იყო გავრცელებული NBA-ის წამყვანი მოთამაშეების ასპარეზობა ოლიმპიურ თამაშებზე ახლა საქმე უფრო კონკრეტულადაა.
24 ოქტომბერს იწყება NBA-ის ახალი სეზონი და ახლა წინა სასეზონო მედია შეკრებები იმართება, რომლის ფარგლებშიც “გოლდენ სტეიტ უორიორიზის” კაპიტანმა სტეფ კარიმ მედიასთან ღიად დააფიქსირა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის სურვილი:
“ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა არასდროს მიმიღია, აქედან გამომდინარე დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალ წელს ნაკრების შემადგენლობაში ვიყო” - განაცხადა 35 წლის ვეტერანმა სტეფ კარიმ.
ინტერესი გამოთქვა კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა კევინ დურანტმა, რომელიც 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონია და სურს ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდსმენ კარმელო ენტონის გადაასწროს.
მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ყველა სხვა სუპერვარსკვალვს დაუკავშირდა და ტურნირზე მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა ლებრონ ჯეიმსია, რომელმაც უკანასკნელად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.
საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ფილადელფია 76-ის” ცენტრი ჯოელ ემბიიდი, რომელსაც ერთბაშად სამ ნაკრებში შეუძლია ასპარეზობა: აშშ, საფრანგეთი და კამერუნი. თავად ემბიიდის ცნობით, მისი მიზანია ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება და თუკი იქ მისი ისტორიული სამშობლო კამერუნი მოხვდება გადაწყვეტილების მიღება ბევრად გაუადვილდება.