Youtube-ის კონტენტის შემქმნელები ნელ-ნელა პროფესიონალურ სპორტში შედიან. ძმები პოლების შემდეგ სპორტში სასპონსორო შეთანხმებით უკვე ყველაზე მეტი გამომწერის (189 მლნ) მქონე გვერდის “Mr.Beast-ის” შემქმნელ ჯიმი დონალდსონის პროდუქტსაც ვიხილავთ.
საქმე ის არის, რომ 2022 წელს დონალდსონმა ტკბილეულის ბრენდი “The Feastables” შექმნა, რომლის პროდუქციაშიც შოკოლადებს, ჟელიბონებსა და ორცხობილებს შეხვდებით. მომავალი სეზონიდან კი ბრენდის ლოგოს NBA-ის კლუბის “შარლოტ ჰორნეტსისა” და G ლიგის გუნდის “Greensboro Swarm-ის” მაისურზე ვიხილავთ. შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ამჟამად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე დიდ თანხას მაისურის სპონსორისგან “ბრუკლინ ნეტსი” იღებს, რომელსაც ონლაინ სავაჭრო კომპანია “Webull” წელიწადში 30 მილიონ დოლარს უხდის. მეორე ადგილზე “ლოს-ანჯელეს ლეიკერსია”, რომელსაც სამხრეთ კორეული კვების ბრენდი “Bibigo” 25 მილიონს უხდის.
გეტყვით იმასაც, რომ კიდევ ერთ youtube-ის გიგანტ “Dude Perfect-ს” (59.8 მლნ გამომწერი) ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბ “ბარნლიში” ინვესტიცია აქვს ჩადებული და ამავდროულად აკადემიის გუნდების მაისურის სპონსორია.
რაც შეეხება ჯეიკ პოლს (20.5 მლნ გამომწერი) მან დააფუძნა სპორტული ბეთინგ კომპანია “Betr”, რომელიც უკვე 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.