მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ ნახევარში, Tether-მა $5.2 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო

Tether

მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკონის, USDT-ის ემიტენტმა, ანუ გამომშვებმა კომპანიამ უახლესი ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. 2024 წლის პირველ ნახევარში, Tether-მა $5.2 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, წმინდა ამონაგების ზრდის დიდი ნაწილი, Tether-ის საკუთრებაში არსებულ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებული ბიტკოინისა და ოქროს გაძვირებას უკავშირდება. წმინდა მოგების ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი Tether-ის სტეიბლკოინის, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ამჟამად, $114 მილიარდს აღემატება.

Tether-ის მიერ დაფიქსირებული ეს შედეგი, დიდწილად, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს უკავშირდება, რომელთაც კომპანიის პორტფელში ვხედავთ. ბოლო მონაცემებით, USDT-ის ემიტენტი კომპანია $97.6 მილიარდის ღირებულების ფასიან ამერიკულ სუვერენულ ქაღალდებს ფლობს, რაც Tether-ისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამგვარად, ამერიკის შეერთებულ შტატებს Tether-ის მიმართ უფრო დიდი ვალი აქვს, ვიდრე გერმანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა თუ ავსტრალიის. საერთო ჯამში, ქვეყნების რეიტინგში Tether-ი მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო სამთვიანი ობლიგაციების შესყიდვებით, კომპანია საერთოდაც მე-3 ადგილზეა. როგორც კომპანიაში ამბობენ, USDT-ის გამოყენების ტენდენციის ზრდის გათვალისწინებით, კომპანია ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს დაიკავებს.

2024 წლის მეორე კვარტალი არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა Tether-მა პერიოდი დიდი წმინდა მოგებით დახურა. მსგავსი რამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც მოხდა, როცა კომპანიამ $4.5 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა. იმ დროს, Tether-ის გენერალურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ ამ თემაზე BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ისაუბრა. კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის შეფასებით, კომპანიის წმინდა მოგების ზრდას USDT-ზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ არასტაბილურ გარემოს, რომელიც მსოფლიოში არის შექმნილი. მისივე თქმით, ათობით ქვეყანაში იმდენად მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, რომ ადამიანები საკუთარ ეროვნულ ვალუტას ვეღარ ენდობიან და კრიპტოვალუტებზე, მათ შორის ამერიკული დოლარის ციფრულ ალტერნატივაზე - USDT-ზე გადადიან.

“ბოლო ათ თვეში მნიშვნელოვნად გავიზარდეთ და 110 მილიარდი დოლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. ამ ზრდას ის განაპირობებს, რომ სამყარო, სამწუხაროდ, კარგი მიმართულებით არ ვითარდება. სამყაროში ვხედავთ, როგორც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე გაურკვევლობას და სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება შეინიშნება. გავიხსენოთ არგენტინა, თურქეთი ან ლიბანი - ეს ამბავი ათობით თუ არა ასობით ქვეყანაში მეორდება. ამ ქვეყნებს ის აერთიანებთ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს. ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ საბანკო ანგარიშიც კი არ აქვთ, რადგან ბანკებს არ აინტერესებთ ან ეშინიათ, რომ მათი ეროვნული ვალუტა სწრაფად გაუფასურდება. ბოლო ხუთ წელიწადში, არგენტინული პესო ამერიკულ დოლართან მიმართებით 98%-ით გაუფასურდა, თურქულმა ლირამ კი დოლართან მიმართებით ღირებულების 80% დაკარგა. ამ ქვეყნების მოსახლეობა ტანჯვით დაიღალა. წარმოიდგინეთ არგენტინელი, რომელიც იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობს და ძალას არ იშურებს, მაგრამ წლის ბოლოს უფრო ღარიბია, ვიდრე წლის დასაწყისში, რადგან იმპორტი დოლარში ხორციელდება.

ადამიანები ალტერნატივებს ეძებენ და მათთვის, USDT საუკეთესო ალტერნატივაა - ის ციფრული დოლარია, რომლის შენახვა და დახარჯვა სმარტფონიდან შეუძლიათ. არგენტინაში - და სხვათა შორის, თბილისშიც ასეა - USDT-ით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. სამწუხაროდ, ამ კანონზომიერების ცვლილების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ ბრაზილიაში, ციფრული ტრანზაქციების 80%-ზე მეტი USDT-ში ხორციელდება. Tether-ისთვის ეს უდავოდ წარმატების ისტორიაა, მაგრამ წარმატება, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ სამყარო უნდა შეიცვალოს და სტაბილურობას დაუბრუნდეს, რადგან ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად და დაცულად იცხოვროს. მთავრობისა და ეროვნული ვალუტის რწმენის გარდა, ეს შეუძლებელია”, - ამბობდა პაოლო არდოინო მაისში, TECH INFORM-თან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები