კომპანია „დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებლის, არჩილ გეგენავას განცხადებით, 2025 წელს კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებული საცალო ქსელების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მან „ფასების კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
გეგენავას თქმით, თუ ფრენჩაიზერების ყველა პარტნიორი ქსელიც გავითვალისწინებთ, რომლებიც უშუალოდ კომპანიის იურიდიული პირების მიერ არ იმართება, კომპანიის საერთო ბრუნვა 3 მილიარდ ლარს აჭარბებს: "ამ ქსელში დაახლოებით 200 იურიდიული პირია გაერთიანებული, მათ შორის როგორც მსხვილი მოთამაშეები, ისე ერთი მაღაზიის მქონე მცირე ბიზნესები".
მისივე თქმით, კომპანიაში წმინდა მოგების მარჟა 2025 წელს 22.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23% იყო. გეგენავას განმარტებით, მოგების მცირე შემცირება კონკურენციის გამწვავებას უკავშირდება, თუმცა კომპანიამ საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით ეფექტურობის გაზრდა შეძლო.
„ჩვენი საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 21%-მდე გამოდიოდა რაც გვქონდა, რაც ამ სინერგიის შედეგად, ამ გაერთიანების შედეგად რაც გვქონდა ჩვენთვის, დამფუძნებლებისთვის, რომელსაც ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ პროცესში ვართ, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მოგებაში ქვემოთ წასვლა მოგვიწია გამწვავებული კონკურენციის გამო, საოპერაციო ხარჯებშიც ეკონომიით წავედით და ეფექტურობა გავზარდეთ. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. საოპერაციო ხარჯი 19.3% გვაქვს 2025 წელს - ეს არის ხელფასი, იჯარა, კომუნალური. EBITDA-ს მარჟა 3.8%-ია“, - აღნიშნა გეგენავამ.
მისივე თქმით, კომპანიის მაღაზიები სრულად იჯარით ოპერირებს. გეგენავას განმარტებით, კომპანიამ საკუთარი საკუთრების ნაწილი გაყიდა და მთლიანად საცალო ვაჭრობის საქმიანობაზე კონცენტრირდა.
რაც შეეხება მაღაზიების რაოდენობას, გეგენავამ აღნიშნა, რომ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ქსელური მაღაზიების ზრდის ტემპი 2025 წელს მნიშვნელოვნად შენელდა. „ჩვენმა ქსელმა დაახლოებით 160 მაღაზია გახსნა, თუმცა ამავე პერიოდში 140 დახურა. ჩვენი მიზანი არ არის წაგებიანი მაღაზიების თრევა“, - განაცხადა მან.




























