საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით, 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 2.8 მილიარდი დოლარით, სადაც მატება 16%-ია. ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ($1.5 მილიარდი) ყირგიზეთის მიმართულებით გავიდა, რის შედეგადაც ყირგიზეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა.
რაც შეეხება რიგით მეორე საქონელს, 379 მილიონი დოლარი იყო ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი, რაც წლიურად 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის მატებით იყო განპირობებული. მესამე პოზიციას იკავებს სპირტიანი სასმელები 282 მილიონი დოლარით, სადაც კლება 2%-ია, შემდეგ პოზიციაზე კი ღვინოებია 268 მილიონით, სადაც კლება 3%-ს შეადგენს.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ტოპ 10 2025 წელს ასე ნაწილდება:
| # | საქონელი | ექსპორტი - მილიონი დოლარი | ცვლილება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $2,814 მილიონი დოლარი; | 16% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $379 მილიონი დოლარი; | 60% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $282 მილიონი დოლარი; | -2% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $268 მილიონი დოლარი; | -3% |
| 5 | ფეროშენადნობები | $226 მილიონი დოლარი; | -30% |
| 6 | მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ) | $173 მილიონი დოლარი; | 6% |
| 7 | თხილი და სხვა კაკალი | $172 მილიონი დოლარი; | 62% |
| 8 | მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრით) | $167 მილიონი დოლარი; | 21% |
| 9 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $148 მილიონი დოლარი; | 57% |
| 10 | აზოტოვანი სასუქები | $132 მილიონი დოლარი; | 11% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $2,530 მილიონი დოლარი; | 6% |




























