2025 წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 1.7 მლნ ლარის ჯარიმები გამოწერა.
როგორც სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, 1 407 633 ლარის ჯარიმები მოკვლევების ნაწილში, ხოლო 204 415 ლარის კონცენტრაციებთან დაკავშირებით გამოიწერა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის კი კომპანიები 100 ათას ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯარიმების მოცულობა აღემატება 2024 წლის მონაცემებს, როდესაც ბიზნესი 312 ათასი ლარით დაჯარიმდა.
უფრო დეტალურად, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში გასულ წელს ოთხი მოკვლევა დასრულდა. მათგან ორში გამოვლინდა მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ერთ-ერთი ფარმაცევტულ ბაზარს უკავშირდებოდა, სადაც მედიკამენტების საბითუმო მიმწოდებელი ოთხი კომპანიაში იქნა აღმოჩენილი დარღვევა. მოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შვიდი მედიკამენტი რეფერენტული ფასების შემოღებამდე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა: ჯამური ჭარბი ფასის მაჩვენებელი 150-200% შეადგენდა, ხოლო საბაჟოდან დახლამდე არსებული ფასნამატი 1000-3000%- ს აღწევდა. აღნიშნულ კომპანიებს ჯამურად 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ფასში შედიოდა ისეთი არასაჭირო ხარჯები, როგორიცაა საჩუქრები, კონფერენციები, სასტუმროებში განთავსება, სამკაულები და ძვირად ღირებული ავტომობილების ოპერირების ხარჯები. სააგენტოს თანახმად, რეფერენტული ფასების შემოღებამ პრაქტიკულად გამორიცხა მსგავსი მანკიერი პრაქტიკის განმეორება მომავალში. მეორე შემთხვევა რუსთავის ავტო-ბაზრობას შეეხებოდა. მოკვლევამ აჩვენა, რომ ავტოიმპორტიორებისთვის ავტო-სადგომის საფასური ორჯერ და მეტად გაიზარდა, თუმცა თვითღირებულება არ შეცვლილა და მომსახურების ხარისხი არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული ფასი მიჩნეული იქნა ჭარბად და კომპანიას 900 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. დარჩენილი ორი შემთხვევა ონლაინ პლატფორმებსა და ბათუმის თევზის ბაზარს შეეხებოდა, სადაც დარღვევები არ დადასტურდა.
რაც შეეხება კონცენტრაციებს, 2025 წელს, სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და გადაამოწმა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესის გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/ განათლების სექტორები არიან. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან, 9-ში დაფიქსირდა დარღვევა და ჯარიმები გამოიწერა. აღსანიშნავია, რომ 2021-2025 წლებში, სააგენტომ შეამოწმა სულ 159 020 ტრანზაქცია. შედეგად გამოვლინდა 34 შემთხვევა, როდესაც კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოს გვერდის ავლით. ამგვარი დარღვევებისთვის ჯამში 613 609 ლარის ჯარიმები გამოიწერა.
კომპანიები დაჯარიმდნენ მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვისაც. 2025 წელს ჯარიმების ოდენობა 136 ათას ლარამდე იყო.




























