მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს პროკურატურამ ₾19.4 მილიონის კრიპტო ამოიღო - უწყება ბლოკჩეინის ანალიტიკურ სისტემას იყენებს

კრიპტო

2025 წელს პროკურატურამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 19.4 მილიონი ლარის კრიპტოვალუტის ჩამორთმევა მოახდინა - ამის შესახებ უწყების 2025 წლის ანგარიშში არის აღნიშნული. თანხების ამოღება სისხლის სამართლის 194-ე მუხლის, ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებში, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მოხდა.

დოკუმენტის მიხედვით, ვირტუალური აქტივების გამოყენება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და განსაკუთრებით ხშირია ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეებში. პროკურატურა განმარტავს, რომ ონლაინ სივრცეში მოქმედი ჯგუფები სულ უფრო ხშირად ახდენენ უკანონო შემოსავლების კრიპტოვალუტაში კონვერტაციას, რაც ართულებს როგორც თანხების წარმომავლობის დადგენას, ისე მონაწილე პირთა იდენტიფიცირებას. სწორედ ამიტომ, უწყება აქტიურად ავითარებს შესაბამის ტექნოლოგიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს კრიპტოვალუტის მიდევნების მიმართულებით.

უწყების შეფასებით, ბლოკჩეინის ანალიტიკური სისტემა სწორედ ამ ტიპის ფინანსური ნაკადების გასაკონტროლებლად გამოიყენება. პროგრამა გამომძიებლებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ ბლოკჩეინ ტრანზაქციები და დაადგინონ კრიპტოაქტივების გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც თანხები სხვადასხვა ელექტრონულ საფულეს შორის ნაწილდება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გაიზარდა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობაც. ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მულტინაციონალურ ონლაინ სერვის პროვაიდერებსა და კრიპტობირჟებთან 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. უწყების ცნობით, მოთხოვნების 87% დაკმაყოფილდა.

ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს შორის იყო „კრიპტო-ტრანზაქციების გაშიფვრა ბლოკჩეინის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით“, „კრიპტოვალუტის ჩამორთმევა, მართვა და რეალიზაცია“ და OSINT საგამოძიებო ტექნიკები კიბერდანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში.

ამასთან, უწყებამ 2025 წელს განაახლა „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოც. პროკურატურის განმარტებით, დოკუმენტი ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს გამომძიებლებისთვის ისეთი მექანიზმების შეთავაზებას, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ეფექტიან ამოღებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები