მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 217 მილიონი ლარი შევიდა

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო

2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 217 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 102% იყო - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, აუქციონებით ცენტრალურმა მთავრობამ 500-ზე მეტი ობიექტი გაყიდა.

„გასულ წელს გამოცხადდა 800-ზე მეტი აუქციონი და გაიყიდა 500-ზე მეტი ობიექტი, რამაც, ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საპრივატიზაციო გეგმა წარმატებით შეგვესრულებინა“ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით განაგრძობს პრივატიზაციის პროცესს, რომელიც გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელსაც, ისევე, როგორც 2025 წელს წარმატებით განვახორციელებთ საპრივატიზაციო პროცესს და კვლავ შევძლებთ გეგმის გადაჭარბებით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად რეალიზებულ ქონებას - მათ შორის პირველ ადგილს თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფისი იკავებს, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. 9,200 კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტი 35.8 მილიონ ლარად IG Development-მა შეიძინა. თუმცა, საპრივატიზაციო თანხის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო მას შემდეგ მიიღებს, რაც სააგენტო არსებულ ოფისს დაცლის და სხვაგან გადავა. მეორე პოზიციას კი თბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა იკავებს, რომლის 16,800 კვადრატული მეტრიც 28.2 მილიონ ლარად ვისოლ ჯგუფთან დაკავშირებულმა "კოსტავა თაუერსმა" შეიძინა.

გარდა ცენტრალური მთავრობისა მილიონობით ლარის ქონება გაყიდეს როგორც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, ასევე სახელმწიფო კომპანიებმა. შესაბამისად, 217 მილიონი ლარი უშუალოდ მთავრობის მიერ გაყიდული ქონებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს. უფრო ვრცლად 2025 წელს რეალიზებული სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში - რა გაყიდა მთავრობამ 2025 წელს ყველაზე ძვირად? - პრივატიზაციის შედეგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები