მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 10 თვეში მთავრობამ 18 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა

ფული ლარი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად პერიოდის განმავლობაში აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს წლიური გეგმის, ანუ 21.9 მილიარდი ლარის 82.5%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია საშემოსავლო გადასახადში, სადაც აკრეფილი თანხა წლიური გეგმის 84%-ია, ხოლო მოგების გადასახადში ჩამორჩენაა და 10 თვის მდგომარეობით გეგმის 76% არის მობილიზებული.

2025 წლის 10 თვის საგადასახადო მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.62 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81.5%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 84%;
  • მოგების გადასახადი - 2.3 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 76%;
  • აქციზი - 2.15 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81%;
  • იმპორტის გადასახადი - 120.4 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 80%.

შესაბამისად, მთავრობამ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 2.9 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზება უნდა მოახდინოს.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, 135 მილიონი ლარი იყო შემოსავალი ძირითადი აქტივების რეალიზაციიდან (პრივატიზაცია), 113 მილიონი ლარი კი 5G სალიცენზიო სპექტრის მოსაკრებელს წარმოადგენდა, რაც ბიუჯეტში მობილურმა ოპერატორებმა გადაიხადეს.

ცნობისთვის, 2025 წლის 10 თვეში სახელმწიფომ 2.4 მილიარდი ლარის საგარეო ვალდებულებები აიღო, აქედან 1.3 მილიარდი ლარი იყო სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით აღებული შიდა ვალი, 1.27 მილიარდი ლარი კი საგარეო კრედიტებს წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები