ირანში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. 2025 წლის დეკემბრიდან დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს სხვადასხვა ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა. ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულების რიცხვი კი სავარაუდოდ, 10 ათას აჭარბებს. ირანში მიმდინარე პროცესებს როგორც ჩანს, ყველაზე დიდი გავლენა ნავთობის ბაზარზე ექნება თუ ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გადაწყვეტს, რომლითაც მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის 20%-მდე გადააქვთ.
თუმცა ჩნდება კითხვები ირანში მიმდინარე პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებაც. თუ გლობალურად ნავთობზე ფასის ზრდა გაგრძელდება, ეს ბუნებრივია საქართველოზეც მოახდენს გავლენას, მაგრამ არსებობს კიდევ სექტორები, სადაც ქვეყანა პირდაპირ იღებს ირანიდან შემოსავალს. ერთ-ერთი ასეთი ტურიზმია. 2025 წლის სამი კვარტალის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ვიზიტორებით კუთხით Top-15 ქვეყანაში ხვდება, მისი წილი შემოსავლებში 3%-ზე დაბალია.
2025 წლის 9 თვეში ირანიდან ვიზიტები შემცირებულია. იანვარ-სექტემბერში საქართველოში ირანიდან ჯამში 96 305 ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 20%-იანი კლებაა. ამ პერიოდში ირანელმა ვიზიტორებმა ჯამში თითქმის 100 მლნ დოლარი დახარჯეს. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმის ჯამურ შემოსავლებში ირანის წილი დაახლოებით 2.7%-ია.
ცნობისთვის, 2024 წელს ირანელი ვიზიტორების ხარჯები 151 მლნ დოლარს აჭარბებდა.




























