მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული - როგორ უპასუხებს ირანის ქმედებებს ოფიციალური თელ-ავივი?

ბენიამინ ნეთიანაჰუ

ისრაელის თავდაცვის და სამხედრო ძალების ინფორმაციით, წუხელ ღამით ირანიდან გაშვებული 300-ზე მეტი დრონის და რაკეტის 99%-ის განადგურება შეძლეს. ირანმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ისრაელის მიერ ორი კვირის წინ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმაზე პასუხი იყო.

ახლა მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული, როგორ უპასუხებს ოფიციალური თელ-ავივი თეირანს?

რეგიონის და მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის ისინიც, რომელთაც ირანის ქმედებები არ მოსწონთ, ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ირანი კი აცხადებს: “უკან არ დაგვესხათ თავს, თორემ ჩვენი თავდასხმა თქვენ წინააღმდეგ გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, რის მოგერიებასაც ვერ შეძლებთ”.

ისრაელმა უკვე პირობა დადო, რომ თეირანი “მნიშვნელოვან პასუხს” მიიღებს. როგორც BBC წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელის მთავრობამ ირანის პირდაპირი წესით თავდასხმა უპასუხოდ დატოვოს. თუმცა, შესაძლოა, ისრაელმა მოუსმინოს მეზობლებს და გამოიჩინოს „სტრატეგიული მოთმინება“, თავი შეიკავოს პირდაპირი პასუხისგან და ამის სანაცვლოდ გააგრძელოს რეგიონში ირანის მოკავშირეების, მათ შორის ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც პრინციპში წლების განმავლობაში აკეთებდა.

აქ მნიშვნელოვანია აშშ-ის ფაქტორიც, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ისრაელის მოკავშირე აშშ-სა და ირანს შორის ომად ტრანსფორმირდეს. აშშ არაბულ ქვეყნებში ექვს სამხედრო ბაზას ფლობს, ასევე სირიაში, ერაყსა და იორდანიაშიც, რაც ირანის ბალისტიკური და სხვა ტიპის იარაღის თავდასხმების სამიზნე შეიძლება გახდეს.

ირანს, ასევე, შეუძლია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, თუ მას თავს დაესხმებიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რის გავლითაც მსოფლიოში ნავთობის დიდი მოცულობა გადაიზიდება. ეს საგანგაშო სცენარია, რაც შეიძლება განვითარდეს რეგიონში, ამიტომაც ახლა არაერთი ქვეყნის მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. პარალელურად, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა ჩანიშნული.