სპორტის ინდუსტრიაში მოგებაზე მუშაობა საკმაოდ რთული დავალებაა, რასაც სპორტული შედეგების გარდა, ძვირად ღირებული სასპონსორო და მედია შეთანხმებები განაპირობებენ. ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით 2025 წლის 20 ყველაზე მოგებიან სპორტულ კლუბს შორის ცხრა NFL-დანაა, 5 NBA-დან, 3 NHL-დან, ხოლო სამიც ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგიდან. ჯამში ოცივემ თითქმის 4 მილიარდიანი მოგება ნახა, რაც საშუალოდ თითოეულ გუნდზე 195 მილიონი დოლარია - ეს კი 12%-ით გაზრდილი შედეგია შარშანდელ ოცეულთან შედარებით.
NFL-ის კლუბებს გადასახადების დაფარვა არ უჭირთ, რადგან თითოეული მათგანი მედიისა და სპონსორების წყალობით მინიმუმ 323 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. ამ ფონზეც კი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული, 10,1 მილიარდ დოლარად შეფასებული, სპორტული კლუბი “Dallas Cowboys” ამავდროულად ყველაზე მოგებიანიც აღმოჩნდა. კლუბის სუფთა მოგება გასული სეზონიდან 564 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა მეორე ადგილოსანი “Los Angeles Rams”-ი 286 მილიონს გამოიმუშავებს. დალასელებმა მხოლოდ 800 მილიონი ბილეთების, მეჩენდაიზის, სტადიონის გასტრონომიისა და სხვა მიმართულებებით გამოიმუშავეს, მაშინ როდესაც სხვა კლუბები ამ მხრივ 400 მილიონსაც ვერ აჭარბებენ. ამასთან სტადიონის კერძო კონტროლი კლუბს აძლევს საშუალებას სხვადასხვა არასპორტული ღონისძიებებით, როგორიცაა კონცერტები, გამოფენები და ა.შ. დამატებითი ფინანსები გამოიმუშაონ.
ამავდროულად სახელფასო ჭერი, რომელიც NFL-ს, NBA-ისა და NHL-ის მსგავსი აქვს, იდეალურად არის მორგებული სისტემაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის შემოსავლები კლუბსა და მოთამაშეებზე ნაწილდება. განსხვავებით ევროპული ფეხბურთისგან, რომელსაც UEFA-ს ფინანსური “Fair Play” აკონტროლებს, თანხები მკაცრად არის გაწერილი კლუბების შემოსავლებთან შესაბამისობაში, რის გამოც ისეთი ტოპ გუნდები, როგორებიც “ბარსელონა” ($145 მილიონიანი წაგება) და “პსჟ” ($126 მილიონიანი წაგება) არიან სიაში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
მსგავსად ევროპული ფეხბურთისა, MLB-საც “კონკურენტუნარიანობის ბალანსის” გადასახადი გააჩნია იმისათვის, რომ მოთამაშეებს ზედმეტად მაღალი ხელფასები არ გადაუხადონ. ამ მიზეზით ნიუ-იორკის “Mets”-ი წლის ყველაზე წაგებიანი კლუბი გახდა 292 მილიონიანი ზარალით.
დიდი ხანია გავიდა ის დრო, როდესაც სპორტული კლუბის მფლობელობა ეგოს დაკმაყოფილების ან თუნდაც გადახდილი თანხის, მოგებების შედეგად უფრო ძვირად გაყიდვით ამოღების გზა იყო. ახლა მოგებიანობაზე გასვლა საკმაოდ ძვირად ფასობს, რის გამოც უძრავი ქონების კომპანიები და კერძო ინვესტორების აქტიურობა აღნიშნულ ბიზნესში საგრძნობლად მომატებულია. ამას დამატებული განახლებული შეთანხმებები მედია კომპანიებთან, რომლებიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა და ჩვენ მოცემულ რეიტინგში კლუბების ფინანსურ ზრდასა და ადგილების ცვლილებასაც უნდა ველოდოთ.
ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით 2025 წლის ყველაზე მოგებიანი სპორტული კლუბების რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. Los Angeles Lakers (NBA) - $199 მილიონი
კლუბის ღირებულება: $7,1 მილიარდი
4. Edmonton Oilers (NHL) - $213 მილიონი
კლუბის ღირებულება: $2,65 მილიარდი
3. New England Patriots (NFL) - $261 მილიონი
კლუბის ღირებულება: $7,4 მილიარდი
2. Los Angeles Rams (NFL) - $286 მილიონი
კლუბის ღირებულება: $7,6 მილიარდი
1. Dallas Cowboys (NFL) - $564 მილიონი
კლუბის ღირებულება: $10,1 მილიარდი