გასულმა, 2025 წელმა გლობალურ ბაზარზე რამდენიმე წამყვანი ინდუსტრია გამოკვეთა, რომლებმაც, მიუხედავად წინა წლების გამოწვევებისა, მაღალი შემოსავლების გენერირება მოახერხეს.
ლიდერ პოზიციაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გლობალური კომპანიები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ სიცოცხლის დაზღვევაზე მოთხოვნა შემცირდა და ინდუსტრიამ შემოსავლების მერყეობა განიცადა, ჯანმრთელობის დაზღვევის პოპულარობის ზრდამ და მასზე გაწეულმა ხარჯებმა სექტორს სტაბილური ზრდა მოუტანა. 2022 წელი მაღალი ინფლაციისა და საფონდო ბაზრების ვარდნის ფონზე გამოწვევებით სავსე იყო, ხოლო 2022-2024 წლებში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ მოთხოვნა შეაფერხა, თუმცა, საერთო ჯამში, 2025 წლისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა გლობალური ბაზრის ლიდერ ინდუსტრიად დასახელდა, წლიური შემოსავლით – 6 მილიარდი 179 მილიონი დოლარი.
შემდეგი კომერციული უძრავი ქონებაა, - ეს ინდუსტრია ამჟამად მნიშვნელოვან გარდაქმნებს გადის, რასაც საცხოვრებელი ფართების დეფიციტი დაოფისებზე მოთხოვნის სტრუქტურული ცვლილება განაპირობებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოს 14 მსხვილ ქვეყანაში საცხოვრებელი ერთეულების დეფიციტი 6.5 მილიონს აღწევს, რაც მრავალბინიან საცხოვრებლებზე მოთხოვნას ზრდის და მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად დაქირაოვებისკენ უბიძგებს.ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ახალგაზრდებსა და ახალ მიგრანტებშია. საერთო ჯამში, კომერციულმა უძრავმა ქონებამ 2025 წლისთვის 5 მილიარდ 595 მილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა.
საპენსიო ფონდები - სახელმწიფოების ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრული სარგებლის და განსაზღვრული შენატანის სქემების ჩათვლით გლობალური მოსახლეობის დაბერების პირობებში საპენსიო უზრუნველყოფის მთავარ მექანიზმად რჩება. სექტორის შემოსავალი შენატანებს, საინვესტიციო შემოსავალს, ფასიანი ქაღალდების წმინდა გაყიდვებს და სხვა წყაროებს მოიცავს. ბირჟებზე დადებითმა საინვესტიციო შედეგებმა, მიუხედავად მაღალი რისკებისა, შემოსავლების ზრდა უზრუნველყო. ამასთან, პერიოდის მეორე ნახევარში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდმა საინვესტიციო შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამგვარად, 2025 წელს ამ ინდუსტრიის შემოსავლებმა, დაახლოებით, 4 მილიარდ 297 მილიონი დოლარი შეადგინა.
ნავთობისა და გაზის გლობალური მოპოვება/წარმოება ყოველწლიურად ლიდერი ინდუსტრიების რიგებში ხვდება, თუმცა ამ სექტორმა ბოლო პერიოდში ძლიერი ტურბულენტობა გამოიარა. პანდემიისა და ლოქდაუნების ფონზე შემოსავლები შემცირდა, რადგან ინდუსტრიის მთავარი მომხმარებელი - სატრანსპორტო სექტორი - პრაქტიკულად გაჩერდა. ეკონომიკის გახსნასთან ერთად ეს ტენდენცია სწრაფად შეიცვალა - მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა, ფასები მკვეთრად გაიზარდა და შემოსავლები რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. პროცესი კიდევ უფრო რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ გააძლიერა. 2025 წელს სექტორმა გლობალური მასშტაბით 4 მილიარდ 264 მილიონი დოლარის შემოსავლის დაგენერირება მოახერხა.
ხუთეულს ავტოინდუსტრია, კერძოდ კი ავტომობილების გაყიდვები ასრულებს. განვითარებად ეკონომიკებში ძლიერი ზრდა სექტორის შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი გახდა, მაშინ როცა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბაზარი შედარებით შენელებულია. განვითარებულ ქვეყნებში მოთხოვნა მაღალი ღირებულების ავტომობილებზეა კონცენტრირებული, ხოლო განვითარებად ბაზრებზე – ბიუჯეტურ მოდელებზე. ელექტრომობილებისა და კროსოვერების მზარდმა პოპულარობამ, ასევე უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებამ, სექტორს ზრდის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. 2025 წელს ავტოინდუსტრიამ 4 მილიარდი 255 მილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა.




























