მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, 2027 წელს კი 4.8%-ით გაიზრდება - S&P-ის პროგნოზი

მშპ

S&P-ის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, ხოლო 2027 წელს 4.8%-ით გაიზრდება. ამის შესახებ უახლეს შეფასებაშია აღნიშნული, რომლეიც გუშინ გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზთან შედარებით მაჩვენებლები მცირედით გაზრდილია. აქამდე სააგენტო 2026 წელს 5.2%-იან, ხოლო 2027 წელს 4.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადი დარჩა, ზრდა 7.5%-ს შეადგენს 2025 წელს, რაც ძირითადად კერძო მოხმარების ხარჯზეა განპირობებული.

"მოხმარების ნორმალიზების კვალდაკვალ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზრდა თანდათანობით შენელდება დაახლოებით 5.4%-მდე 2026 წელს და 4.8%-მდე 2027 წელს",- წერია შეფასებაში.

სააგენტოს ვარაუდით, კერძო ინვესტიციები (სახელმწიფო ინვესტიციების გამოკლებით) ზომიერი იქნება, რაც შეესაბამება უფრო ფრთხილ საინვესტიციო გარემოს, გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას. S&P მიუთითებს, რომ საბაზისო სცენარში არაა გათვალისწინებული Eagle Hills-ის $6 მილიარდიანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც დადებითი ეფექტი ექნება ზრდის და ინვესტიციების ნაწილში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები რეგიონულ კონტექსტში შედარებით გონივრული რჩება, რასაც ხელს უწყობს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკის პროგნოზირებადობა შესუსტდა, რაც ასახავს როგორც შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს.

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებამ შეამცირა მნიშვნელოვანი გარე საორიენტაციო წერტილი, რომელიც ადრე რეფორმების იმპულსს და ინვესტორების ნდობას უჭერდა მხარს.

პარალელურად, ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ინიციატივების სერია, მათ შორის უცხოური დაფინანსებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ზომები, ზოგჯერ შეზღუდული კონსულტაციებით და სწრაფი მიღებით წარიმართა, რაც ხელს უწყობდა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან გაურკვევლობის ზრდას",- წერია ანგარიშში.

ნავარაუდევია, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ს 4.1%-მდე გაიზრდება, 2025 წლის 3.7%-დან, რაც ძირითადად სავაჭრო დეფიციტის ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინების შენელებას ასახავს. სააგენტოს თანახმად, ეს ზეწოლა ნაწილობრივ კომპენსირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაღალი დონით, რომლებიც კვლავაც ხელს უწყობს მომსახურების ბალანსის მხარდაჭერას, ასევე მიმდინარე კერძო ტრანსფერებით.

S&P - ის პროგნოზით ინფლაცია 2026 წლებში 3.5%-ს გაუტოლდება, ხოლო მომავალში, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ფრთხილად გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას, რაც დამოკიდებული იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისკენ თანმიმდევრულ სვლაზე. ასევე ნავარაუდევია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი საშუალოდ 2%-ის გარშემო იქნება.

სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები