"ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება. მან ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.
„დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.




























