პირველად ისტორიაში 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 3 კონტინენტზე გაიმართება. მუნდიალის ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია იქნებიან, ხოლო ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე მატჩს ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი უმასპინძლებენ - ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მხარი 37-მა წევრმა ონლაინ რეჟიმში დაუჭირა, ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
კრიტიკოსებს შორის ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი, 87 წლის იოზეფ ბლატერიცაა, რომელმაც ტურნირის ფორმატი დაიწუნა და განაცხადა, რომ ჩემპიონატი უფრო კომპაქტურ სივრცეში უნდა გამართულიყო, მაგალითად, უფრო მეტი სიმბოლური დატვირთვისთვის მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში:
“საქმეში ჩახედული ხალხისთვის ეს მანევრი ძალიან ნათელია: 2030 წლის მსოფლიოს თასი სრულად სამხრეთ ამერიკაში რომ ჩატარებულიყო, რიგში მომდევნო აფრიკა იდგა. ახლა მაროკოს სახით მასპინძელთა შორის აფრიკული ქვეყანაც არის და 2034 წლის მუნდიალის ჩასატარებლად საუდის არაბეთს ხელ-ფეხი ეხსნება”, - განაცხადა ბლატერმა.
ცნობისთვის, ფიფას არსებობის ისტორიაში პირველად ორგანიზაციის შტაბ-ბინის ნაწილი მაიამიში გადავა. კატარში საცხოვრებლად გადასულ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ორგანიზაციის მაქსიმალური დანაწევრება სურს, რადგან ციურიხის მთავარ შტაბში მისი მუშაობით კმაყოფილები არ არიან.