თეთრ სახლში აშშ-ის და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც ტრამპმა და მოდიმ მსოფლიოში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. როგორც ნარენდრა მოდიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 2030 წლისთვის, აშშ-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა $500 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო ქვეყნებს შორის ორივე მხარისთვის სასარგებლო სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპმა განკარგულება წარადგინა, რომელიც ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის ითვალისწინებს, რომლებიც ასეთ საგადასახადო ბარიერებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნიან. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებამ ინდოეთში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან, როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ინდოეთმა კონკრეტულ პროდუქტებზე საიმპორტო გადასახადის შემცირება გადაწყვიტა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ინდოეთს იმ მოცულობის ტარიფებს დაუწესებს, რასაც თავად ინდოეთი დაუწესებს ამერიკას, ხოლო სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის წინაპირობად ის ინდოეთის მიერ ამერიკული ნავთობის და ბუნებრივ აირის იმპორტს ასახელებს. ამ დროისთვის, ინდოეთში საშუალოდ 17%-იანი საიმპორტო ტარიფი მოქმედებს, როცა აშშ-ის შემთხვევაში მაჩვენებელი 3.3%-ის ტოლია.
გასულ წელს, აშშ-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვამ $129 მილიარდი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ თუ ქვეყნებს ამ მაჩვენებლის გაზრდა $500 მილიარდამდე სურთ, ვაჭრობა მნიშვნელოვნად უნდა დაჩქარდეს. როგორც ჩანს, ვაჭრობა გაღრმავდება, როგორც ბუნებრივი წიაღისეულის, ასევე სამხედრო აღჭურვილობის ხარჯზე, რომელზედაც მოდიმ ტრამპისგან დასტური მიიღო. დროთა განმავლობაში, ინდოეთი აშშ-ისგან F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებსაც მიიღებს, რომელსაც ქვეყანა რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიყენებს.