სოციალურ ქსელ Twitter-ის დამფუძნებელი და ფინტექ კომპანია Block-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, 2030 წლისთვის ერთი ბიტკოინის ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია 20 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც დაახლოებით აშშ-ის ეკონომიკის მოცულობის ტოლფასია.
ამერიკელი მეწარმის შეფასებით, ბიტკოინი ფინანსურ სამყაროში გამოჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რომელიც ადამიანებს ფინანსური თავისუფლების მოპოვების საშუალებას აძლევს, რადგან ბიტკოინის შენახვა ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი, მისი წართმევა, მოპარვა ან ჩამორთმევა კი ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც დორსი ამბობს, ბიტკოინი საკუთრების უფლების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რაც მას კაცობრიობისთვის კოლოსალურ ღირებულებას სძენს.
Twitter-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ბიტკოინი, დროსთან ერთად, ინტერნეტის დე ფაქტო ვალუტად იქცევა, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოზე და ეროვნულ ვალუტაზე მაღლა იდგება, რადგან ის არავის კონტროლს არ ექვემდებარება და არავის საკუთრებას არ წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ დორსი მხოლოდ თამამი პროგნოზებით არ შემოიფარგლება, მისი კომპანია ბიტკოინის საფულეს აწარმოებს და აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებაში. გარდა ამისა, Block-ის მიზანში მაინინგ ცენტრის მოწყობა და კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სხვა აქტივობების განხორციელებაა. ცხადია, ჯეკ დორსი ბიტკოინში აქტიურად ინვესტირებს, თუმცა თანხის მოცულობას ის არ ასაჯაროებს.
თავად დორსი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეწარმეა, რომელიც სილიკონის ველზე განსაკუთრებული გავლენით სარგებლობს. მისი ქონების შეფასება 5 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა ამ თანხაში ბიტკოინი არ შედის, რადგან რა მოცულობის კრიპტოაქტივს ფლობს დორსი, ეს უცნობია.