“მსოფლიო ბანკი” დღეს თბილისში ახალ ანგარიშს წარადგენს, რომელიც “შუა დერეფნის” სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალია შეფასებული. კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ
შუა დერეფანში” ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდოს, სამგზავრო დრო კი - განახევრდეს. ამ საკითხზე მედიასთან “მსოფლიო ბანკის” რეგიონული დირექტორი, როლანდ პრაისი საუბრობს და აღნიშნავს, რომ დერეფნის სრული პოტენციალის ასათვისებლად დაინტერესებული მხარეების ინვესტიციები და საერთო ხედვაა საჭირო.
“შუა დერეფნის განვითარება, ეკონომიკური ზრდისთვის დიდი პოტენციალია, მაგრამ ეს დროსა და ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ასევე მოითხოვს, და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებში, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო სექტორი.
2030 წლისთვის დერეფნის მონაწილე ქვეყნებს საერთო ხედვა უნდა ჰქონდეთ. საუბარია კერძო სექტორზე, კომერციულ კომპანიებზე, სახელმწიფო საწარმოებზე. მას შემდეგ, რაც გვექნება საერთო ხედვა და საერთო ინტერესები, დერეფნის განვითარების პოტენციალი ულიმიტოა”, - ამბობს პრაისი და დასძენს, რომ დერეფნის განვითარება რეგიონულ ვაჭრობასაც ავითარებს.
კითხვაზე - რა არის საქართველოს როლი “შუა დერეფნის” პოტენციალის სრულად ათვისებაში, “მსოფლიო ბანკის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
“რაც შეეხება საქართველოს, ის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომელიც კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ. დასტურდება, რომ საქართველო, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, “შუა დერეფნის” ერთ-ერთი წამყვანი რგოლია. ეს ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტიანობის ზრდაში, ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის, განვითარებაში და არსებული პრობლემების ციფრული გზებით მოგვარებაშიც კი”, - ამბობს როლანდ პრაისი.
პრაისმა მედიასთან დერეფანში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანგარიშში პრობლემებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებიცაა განხილული.
“გამოწვევებს რაც შეეხება, როგორც წარმოგიდგენიათ, ამჟამად რამდენიმე ქვეყნის გავლით ტვირთის გადაზიდვისას ბევრ დაბრკოლებას აწყდები, იქნება ეს საბაჟო პროცედურები თუ განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის საჭიროება. კვლევა ამ პროცესს აფასებს და დაბრკოლებების გადაჭრის გზებს ეძებს, რადგან ტრანსპორტირების სისწრაფე და ხელმისაწვდომი ფასი ის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვას უზრუნველყოფს”, - განმარტავს როლანდ პრაისი.