მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზები, რკინიგზა და პორტი - რა სჭირდება საქართველოს შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად?

ტრანსკასპიური დერეფანი

საქართველოსთვის შუა დერეფნის პოტენციალსა და მისი განვითარების სტრატეგიაზე BMGTV-ს გადაცემა “ანალიტიკაში” COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი პოტენციალი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაშია.

სურვილი ყოველთვის არსებობდა ბაზარზე, რომ ჩვენ რადგან ვართ შუა დერეფნისა და ე.წ. აბრეშუმის გზის ნაწილი, ამის აღორძინება და გაგრძელება გვინდოდა. ამის სურვილი ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც აქვთ, რომლებისთვისაც ეს ერთ-ერთი გზაა, რომ ტვირთები ევროპაში გაიტანონ.

აქ მთავარი და ამომავალი ძალა ჩვენი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, იმიტომ რომ მის გარეშე შუა დერეფანი წარმოუდგენელია - ჩამოვიტანოთ უამრავი ტვირთი ფოთში და მერე რას ვუშვებით? უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. საავტომობილო გზები, რკინიგზა და პორტი - ეს არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. პირველ რიგში რკინიგზა - შუა დერეფანი რკინიგზაა მხოლოდ. საპორტო ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. წლებია მესმის ანაკლიაზე, ვერ  ვხვდები, რატომ ვსაუბრობთ ანაკლიაზე ასე, როცა უკვე გვაქვს ფოთი და უკვე არის შესაძლებლობა მისი განვითარების”, - აღნიშნავს გივი ჩაჩანიძე.

ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გარდა, ამ საკითხზე რამდენიმე პრობლემა პაატა ცაგარეიშვილმაც წამოწია და რკინიგზაში არსებულ შუამავალ კომპანიებსა და მათ ტარიფებზე ისაუბრა.

“გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებაცაა საჭირო - რკინიგზაში შუამავალი კომპანიების არსებობა ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია. უკვე არსებობს შემთხვევები მათ მიერ გადაზიდვებში ტარიფს ზემოთ 30%-იანი ფასნამატისა, რომელიც დერეფნის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. როდესაც აქ შუამავლები შემოდიან, რომლებიც საპროვიზიორო მომსახურებაში, რომელიც 2-5% უნდა იყოს, 30%-ს იღებენ, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დომინოს პრინციპია და ერთობლიობაში დერეფნის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. 

გარდა ამისა, სტრატეგიის სუსტი წერტილი მისი ძნელად განხორციელებადობაა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მასში არ დევს ისაა, რომ, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სპეციალური საბჭოები იქმნება, რომლებსაც სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვთ და სტრატეგიის მონიტორინგს ახორციელებს. ამ რგოლის გარეშე ეს მხოლოდ თაროზე დადებული დოკუმენტი იქნება”, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, დერეფნის სუსტი რგოლებისა და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებებს „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია“ ითვალისწინებს.

„შუა დერეფნის“ 5 მთავარი გამოწვევა - რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები