ე.წ „შუა დერეფნისა“ და ქვეყანაზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის საქართველოს 5 მთავარი ამოცანის გადაჭრა მოუწევს - დერეფნის სუსტი რგოლებისა და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებებს „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია“ ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის ავტორთა შეფასებით, დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთის მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი აქტივობები:
- ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა - სისტემა, სადაც ინტეგრირებული იქნება დოკუმენტაციის ელექტრონული ცვლა და კონტეინერების მიკვლევადობის სისტემების ფუნქციონირება. 2019-2020 წლებში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ცხადყო გაციფრულების მნიშვნელობა ლოგისტიკის ინდუსტრიაში. შესაბამისად, გაციფრულება წარმოადგენს არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და გადაზიდვის სიმარტივის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ უსაფრთხოების წინაპირობასაც.
- ცარიელი კონტეინერების ჩაწოდების ტერმინალის განვითარების შესაძლებლობის განხილვა - ამ მიზნით მნიშვნელოვანია საზღვაო ხაზებთან თანამშრომლობა. ცარიელი კონტეინერების ჩაწოდების ტერმინალის შექმნა შეამცირებს ხარჯებს და მომხმარებელს თავიდან ააცილებს დამატებით საზრუნავს.
- ფიქსირებული გრაფიკის მქონე ბლოკ მატარებლების ამოქმედება - აღნიშნული გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული საწყის ეტაპზე დატვირთვის დაბალი მაჩვენებლების გამო. საქართველოს რკინიგზამ სხვა ქვეყნის რკინიგზებთან უნდა გაინაწილოს რისკი და დანიშნოს გეგმური მატარებლები. გაგრძელდება ჩინეთის ქალაქებიდან ბლოკ-მატარებლების რეგულარული მიმოსვლის განვითარებაზე მუშაობა.
- მარკეტინგული ღონისძიებები - ამ ეტაპზე შესაძლებელია ყველა იმ ტვირთის კონტეინერიზაცია, რომლის გაბარიტიც კონტეინერის ზომებს არ სცდება. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა კომუნიკაციის გააქტიურება ტვირთმფლობელებთან და კონტეინერების უპირატესობებზე მათი მუდმივი ინფორმირება. ასევე აუცილებელია პირდაპირი მარკეტინგის გააქტიურება დერეფნის უპირატესობების ცნობადობის გაზრდის მიზნით. ეს შეიძლება მიღწეულ იქნეს ფორუმების და კონფერენციების ორგანიზებით და თემატურ გამოფენებში მონაწილეობით. განხორციელდება ექსპედიტორულ კომპანიებსა და ტვირთმფლობელებთან კომუნიკაცია მათი დერეფნის გამოყენებით დაინტერესების გაზრდის მიზნით.
- პირდაპირი საკონტეინერო ფიდერული/საბორნე სერვისების განვითარება შავ ზღვაზე - საჭიროა ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოს, რუმინეთსა და უკრაინის ნავსადგურებს შორის პირდაპირი ფიდერული კავშირების შემდგომი განვითარებისა და ტვირთნაკადების მოზიდვის მიმართულებით. ამასთან, 2026 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოსა და ევროპის ნავსადგურებს შორის გადაზიდვები 9 მილიონი ტონით გაიზარდოს, რაც საჭიროებს დამატებით სიმძლავრეებს შავ ზღვაზე.
დოკუმენტში საუბარია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, თურქმენეთთან, ყაზახეთთან და ჩინეთთან შეადგენს 156 მილიონ ტონას - დაახლოებით 9 მილიონ კონტეინერს. ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის 1% უჭირავს სარკინიგზო გადაზიდვებს ჩრდილოეთის დერეფნის გავლით და აღნიშნული მაჩვენებელი მზარდია. ზემოხსენებული ბრუნვიდან მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მინიმუმ 90 000 კონტეინერის მოზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხოლო 2026 წლამდე შეიძლება ეს რაოდენობა 220 000-მდე გაიზარდოს.
სტრატეგიის ავტორთა შეფასებით, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის ხარჯზე შესაძლებელია 160 000-მდე კონტეინერის მოზიდვა.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის და დერეფნის სხვა მონაწილე ორგანიზაციების ამოცანაა არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ევროპა აზიის მრავალმილიონიანი ტვირთბრუნვის მაქსიმალურად დიდი მოცულობის გატარება“, - ნათქვამია დოკუმენტში.