მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები რომ დასრულებულიყო, ტვირთნაკადის გატარების პრობლემა არ გვექნებოდა” - პაატა ცაგარეიშვილი

ტვირთბრუნვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა პროგნოზი, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდებოდა და აზიიდან ევროპის მიმართულებით გადაზიდვებში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი როლი მიენიჭებოდა. საკითხზე, თუ რამდენად გამართლდა ეს მოლოდინები და რამდენად მზად დახვდა საქართველო გაზრდილ ტვირთბრუნვას, BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” პაატა ცაგარეიშვილმა ისაუბრა. 

“გარკვეული გათვლები გვქონდა, რაც კვლევებს ემყარებოდა, რომ, დაახლოებით, 10-12 მილიარდი ტონა ტვირთის მოზიდვა იყო რეალური, დაახლოებით, 2-3 წლის განმავლობაში. ეს იყო ამოსავალი წერტილი, თუმცა რეალობამ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა. თუ ჩვენ 2-3 წელს ვფიქრობდით დაყოვნებას, რა დროშიც ეს ტვირთი უნდა წამოსულიყო, ეს ლაგი გავზარდეთ და 8-10 წელზე გადავათამაშეთ - ნავთობნაკადისათვის და 3-5 წელზე მშრალი, ნაყარი და საკონტეინერო ტვირთისთვის. 

დროით ლაგს შორის ამხელა სხვაობა იმიტომაა, რომ ნავთობნაკადი, რომლის ძირითადი მასაზრდოებელიც არის ყაზახეთი და თურქმენეთი, თითქმის 90%-ით რუსეთის მიმართულებებზეა დამოკიდებული. ამიტომაც პირველი გაჟღერება ყაზახეთის პრეზიდენტის, რომ უნდა შემოტრიალებულიყვნენ კავკასიის დერეფნისკენ და 20 მლნ ტონა უნდა გაეტარებინათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თუმცა როდესაც შემოტრიალდა ყაზახეთი, აქ დახვდა აბსოლუტურად ცარიელი ინფრასტრუქტურა, რომლის დალაგებას დაახლოებით 8-10 წელი სჭირდება”, - აღნიშნავს პაატა პაატა ცაგარეიშვილი.

იგი“ანალიტიკაში” სტუმრობისას გასულ წლებში დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტვირთნაკადის გატარების პრობლემა არ ექნებოდა, ეს პროექტები რომ დასრულებულიყო.

“ჩვენ წამოწყებული გვქონდა რიგი პროექტები: ფოთის ნავსადგურის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, შემოვლითი გზის პროექტი… დაახლოებით 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი წამოვწიეთ, რომლებზეც დაპირება იყო, მაგრამ არ შესრულდა, და თითოეული ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო.  ამ პროექტთა ერთობლიობა გვაჩვენებს, რომ ისინი რომ დასრულებულიყო, ჩვენ ტვირთნაკადის გატარების პრობლემა არ გვექნებოდა”, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები