თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2040 წლისთვის 60%-ით გაიზრდება, რაც აზიაში ეკონომიკური ზრდითა და ხელოვნური ინტელექტის გავლენით იქნება განპირობებული - ამის შესახებ Shell-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
“თხევადი ბუნებრივი აირის” 2025 წლის პროგნოზის თანახმად, გლობალურად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება. ინდუსტრია მოელის, რომ 2040 წლისთვის თხევად გაზზე მოთხოვნა წლიურად 718 მილიონ ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ თხევადი აირით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრის, Shell-ის პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპანიის წინა ანგარიშისგან. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2040 წლისთვის თხევად გაზზე გლობალური მოთხოვნა 685 მილიონ ტონამდე უნდა გაზრდილიყო.
როგორც Shell-ის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, განახლებული პროგნოზი ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მეტი გაზი დასჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, გათბობა/გაგრილებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიისთვის, რათა დეკარბონიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიოს. კომპანიის თქმით, ჩინეთი, რომელიც თხევადი აირის უმსხვილესი იმპორტიორია, ინდოეთთან ერთად, თხევადი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდასა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს, რითაც პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებს.
2024 წელს ჩინეთში თითქმის 132 მილიონი ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 75.6 მილიონი ტონა თხევადი აირი იყო - ეს ქვეყნისთვის 2013 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იყო.
გაზრდილ მოთხოვნას ინდუსტრიამ გაზრდილი მიწოდებითაც უნდა უპასუხოს. Shell-ის ინფორმაციით, 2030 წლისთვის თხევადი აირის სხვადასხვა პროექტი ამოქმედდება, რომელთა ჯამური გენერაციაც 170 მილიონ ტონას გადააჭარბებს.