საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და ელექტროენერგიის და გაზის სექტორს საერთო ბირჟა ექნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგეტიკის ბაზრის მსგავსად, ბუნებრივი აირის სექტორშიც რეფორმები დაწყებულია.
სემეკის 2023 წლის ანგარიშშიც ეწერა, რომ შარშან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებთან, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“, შპს „თელავგაზსა“ და სს „საქორგგაზთან“ სამუშაო ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება განცალკევების მოდელსა და, კანონმდებლობის შესაბამისად, განახლებული განცალკევების გეგმის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე.
დავით ნარმანია ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივი გაზით ვაჭრობა, მაგრამ ამბობს, რომ ე.წ. ანბანდლინგთან (გაყოფა/გამიჯვნა) დაკავშირებული საკითხები დაწყებულია.
„ბუნებრივი აირის სექტორში, მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და განხილვები, ასევე, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „თელავგაზის“ და სს „საქორგგაზის“ გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები დაწყებულია და შეხვედრები მიმდინარეობს.
ბუნებრივი გაზის ბაზარი თავისი მახასიათებლების გამო, განსხვავებული იქნება, რადგან ელექტროენერგეტიკის სექტორში გვყავს ბევრი მიმწოდებელი - 100-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი გენერაციის ობიექტი და ბევრი მომხმარებელი, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში მიმწოდებელი ბევრად ნაკლებია, მომხმარებელი კი - ბევრი“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ ბუნებრივის აირის სექტორში ბაზრის მოთამაშეების ე.წ. ანბანდლინგის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ: 2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. შედეგად, უნდა გაიხსნას ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟა, გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები კი უნდა განცალკევდნენ. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 28 მიმწოდებელი. მათგან 17 აქტიური იყო მხოლოდ საცალო ბაზარზე, ხოლო 11 – ბაზრის ორივე დონეზე. საბოლოო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის ფიზიკურად მიტანას უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა (რომლის უმთავრეს ფუნქციას ბუნებრივი გაზის მისი მოპოვების ან იმპორტის წყაროდან მიწოდების პუნქტებამდე გადატანა წარმოადგენს) და განაწილების ლიცენზიატები.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.