206 მეგავატი სიმძლავრის ქარის პროექტზე ვმუშაობთ, რასაც ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევიყვანთ, - ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის წარდგენის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი კაპიტალმა დღეს ახალი ანგარიში წარადგინა, რომელიც „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს და მის სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა. ანგარიშში წერია, რომ 2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, ხოლო ყველაზე ცოტა, 4.6% ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს.
კითხვას, ქარის ელექტროსადგურების ათვისება რატომ ვერ ხდება? ლაშა იორდანიშვილმა უპასუხა, რომ ქარის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობამდე მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, რასაც დრო სჭირდება.
„ვმუშაობთ, 206 მეგავატი სიმძლავრის ქარის პროექტზე და ამ სიმძლავრეს ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევიყვანთ. თითქოს მარტივად ჩანს, რომ ქარის ჰიდროელექტროსადგური შემოიფარგლება მხოლოდ ტურბინის დადგმით, ეს ასე არ არის, ამას წინ მრავალწლიანი კვლევა უსწრებს. ესენია: ქარის ტერიტორიების განსაზღვრის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გადამფრენი ფრინველების კვლევა და ა.შ, შესაბამისად აქ უფრო მეტი დრო იხარჯება. მშენებლობას კი უკვე რამდენიმე კვირა სჭირდება და გაცილებით ნაკლები პერიოდი შესაბამისად, არ არის ასე, რომ არის ქარის ელექტროსადგურები არ ვითარდება“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება თავად „თიბისი კაპიტალის“ კვლევას, წერია, რომ 2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.