„ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა ენერგეტიკაში რეალურ პროექტებსა და რეალურ ფასს უნდა მოერგოს. ასე აფასებს დარგის წარმომადგენელი და ენერგოპროექტების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ CFD-აუქციონებზე უარის თქმისა და ინვესტორებისთვის, ამ აუქციონებით დადგენილი მედიანური ტარიფით ენერგოპროექტების განხორციელების ახალ ინიციატივას.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ახალ CFD-აუქციონებს, რაც ენერგეტიკის ინვესტორების წახალისების მექანიზმს წარმოადგენს, აღარ გამოაცხადებს. ლევან დავითაშვილის თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა საჯარო-კერძო პარტნიორობის კანონმდებლობაში, რათა პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდეს. ამასთანავე, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელი და იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს პირდაპირ გაუფორმებს.
შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის შედეგად დადგინდა, რაც კვტ/სთ ელექტროენერგიაზე დაახლოებით 6.5 ცენტს შეადგენს.
ლაშა იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ დადგენილი ტარიფით ენერგოპროექტების განხორციელება რთული იქნება, ამიტომ ინვესტორებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით გადაწყდება, რამდენად მისაღებია ეს ტარიფი სექტორისთვის.
„ზოგიერთს ამ ტარიფით პროექტის განხორციელება გაუჭირდება, შესაბამისად, მთავრობა ამას ხედავს და რა უნდა დაიკარგოს ეს პროექტები. მთავრობა უნდა მოერგოს რეალურ პროექტებს, რეალურ ფასს. ჩვენთვის როგორც ცნობილია, ინვესტორებს CFD-აუქციონში დასმულ მედიანურ ფასს შესთავაზებენ ინვესტორებს და რამდენად დაძვრადია ეს მედიანური ფასი ამა თუ იმ პროექტისთვის, ამაზე მიიღება გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ასეული მეგავატის პროექტს დაამატებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის ყულაბაში“, - განაცხადა „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ნებისმიერი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ენერგეტიკის განვითარებისკენ იქნება მიმართული, რა თქმა უნდა, დადებითია.
„ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, უახლოესი 10-12 წლის წინ არსებობდა PPA მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო სრულად გამომუშავებული ელექტროენერგიის მიმღები იყო. შედეგად 2016-2017 წლამდე არაერთი პროექტი დასრულდა. ამის შემდეგ გამოცხადდა მორატორიუმი და რამდენიმეწლიანი წყვეტა იყო, რასაც ჩვენ ენერგეტიკოსები - ინვესტორები იქნებოდა ეს თუ ამ დარგის წარმომადგენლები მუდმივად ვჩხუბობდით, რომ არ შეიძლებოდა ამის გაჩერება, რამაც შედეგი გამოიღო და 2020 წლამდე სიმძლავრეები მინიმალურად იქნა შეყვანილი. ეს მხარდაჭერის მექანიზმის შეჩერების გამოხმაურება იყო.
მხარდაჭერის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას აუცილებლად ეყოლება თავისი კრიტიკოსები. ენერგეტიკა ერთი და ორი დღით არ იანგარიშება, როცა ამ დარგზეა საუბარი 10-15 წელზე უნდა მოხდეს გათვლა და მაგალითად ჩვენ ჰიდროპროექტების კუთხით მხარდაჭერის მექანიზმში მონაწილეობა არც მიგვიღია, რადგან 3-4 წელიწადში თუ სადგური ექსპლუატაციაში შევა და მხარდამჭერი მექანიზმი მხოლოდ 8 თვე ექნება, დარწმუნებული ვარ არც ერთი კომპანია ამ მექანიზმში მონაწილეობას არც კი გააგრძელებს იმდენად გაზრდილი იქნება მონაწილეობა და რეალობა შეცვლილი იქნება. მხარდამჭერი მექანიზმი მნიშვნელოვანია დარგში ახალბედა მოთამაშეებისა და მცირე სიმძლავრეების პროექტებისთვის და იმ სადგურებისთვის, რომელიც კომპლექსური და ცოტა უფრო რთულია“, - განმარტა ლაშა იორდანიშვილმა და დაამატა: „მხარდაჭერის მექანიზმი მიმზიდველია მზის სადგურების ნაწილში. ჩვენ რამდენიმე პროექტის მხარდაჭერის გარეშე განხორციელებას ვაპირებთ და ვაპირებთ ვიყოთ მაგალითები სხვა ბაზარზე მსხვილი და არამსხვილი მოთამაშეებისთვის“, - ამბობს იორდანიშვილი.