მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„CFD მექანიზმი მასშტაბურს თუ - ვერ, მინიმალურ გარდატეხას მაინც მოახდენს ენერგეტიკაში“ - ინტერვიუ

63ecd29f8ba9d
თელარა გელანტია
15.02.23 23:35
884
„ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი CFD მექანიზმი მასშტაბურს თუ - ვერ, მინიმალურ გარდატეხას მაინც მოახდენს დარგში“, - ასეთი მოლოდინი აქვს კომპანია „ფერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა იორდანიშვილს. BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა.

„არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც გამოიბრძოლა მხარდაჭერის მექანიზმი სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის IMF-დან და ფინანსთა სამინისტროსგან“, - თქვა ლაშა იორდანიშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2017 წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისთვის მოქმედი გარანტირებული შესყიდვის ე.წ. PPA მექანიზმი შეჩერდა.

„PPA მექანიზმი 2018 წლამდე მოქმედებდა და რამდენიმე ასეული მეგავატი შევიდა ექსპლუატაციაში. 2018 წლიდან ეს მექანიზმი შეწყდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ საჭირო არ იყო და ჩვენთვის თურმე გაუგებარ ფისკალურ რისკებს ატარებდა. მუდმივი კამათი გვქონდა მაშინდელ ფინანსთა სამინისტროსთან და მუდმივად ვიმეორებდით, რომ ის საერთოდ არ იყო ფისკალური რისკების მატარებელი. 2018 წლის მერე მან რა შედეგიც მოიტანა, ის იყო, რომ 2021 წელს მხოლოდ - 15 მეგავატი, ხოლო 2022 წელს 22 მეგავატი გაეშვა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ლაშა იორდანიშვილის თქმით, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ CFD მექანიზმი ზუსტ თანხვედრაშია იმასთან, რასაც საქართველოს ენერგეტიკა იმსახურებს, თუმცა მაინც ძალიან დიდი შედეგია.

- ენერგეტიკის სექტორს PPA მექანიზმის აღდგენა ერჩივნა?

- ჩათვალეთ, რომ CFD სქემა PPA მექანიზმია, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც გვერჩივნა, რომ ყოფილიყო ცოტა სხვანაირად, მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც IMF-სა და ფინანსთა სამინისტროსგან გამოიბრძოლა ის, რაც დღეს გვაქვს. ჩემი კომპანია აპირებს ამ მექანიზმით პროექტების განხორციელებას. ჩვენ ენერგეტიკის პულსზე გვიდევს ხელი და ვფლობთ ინფორმაციას, რომ სხვა კომპანიებიც აპირებენ ამ მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს. თუ არ გამოიღებს იმ შედეგს, რასაც ველოდებით, მაშინ მოუწევთ იმ ნიუანსების გამოსწორებაც, რაზეც კითხვები გვაქვს.

- რა არის ის ძირითადი კითხვის ნიშნები, რაც CFD მექანიზმს უკავშირდება და ენერგეტიკის დარგში არ მოგწონთ?

- რამდენიმე საკითხია - მაგალითად: CFD მოდელის მიხედვით, სახელმწიფო მხარდაჭერის პერიოდი ჰიდროელექტროსადგურებისთვის გრძელდება რვა თვე (სექტემბერი-აპრილი); გასაგებია, სახელმწიფო ფიქრობს, რომ როდესაც ჭარბი ენერგია მაქვს, მაშინ არ მოგცემ მხარდაჭერის მექანიზმსო, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, აგვისტოში იმპორტის გარეშე არ ვყოფილვართ ანუ საკუთარი ენერგიით მოხმარებას ვერ ვაკმაყოფილებთ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საკითხი - CFD მექანიზმის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილების მე-11 მუხლში წერია, რომ თუ დიდი იქნება სხვაობა აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მოცემულ ელექტროენერგიის საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის, მით მეტად შეუმცირდება კომპანიას ტარიფი. (მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით და ა.შ.) ცხადია, ცდომილება მთლად 20% არ იქნება ჰიდროგენერაციის ობიექტების შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება იყოს ქარის და მზის შემთხვევაში...

- ამ ჩანაწერით რისგან იზღვევს მთავრობა თავს?

- როდესაც სახელმწიფო დაამყარებს იმედს, რომ ესა თუ ის კომპანია გარანტირებულად მოახდენს 30 მეგავატის სიმძლავრის გენერირებას, შესაბამისად, ის ამას თავის ბალანსში აღნიშნავს და კომპანიამ თუ ეს ვერ შეძლო, მოუწევს უფრო ძვირი იმპორტით ჩანაცვლება, ამდენად, ეს გასაგებია, მაგრამ სექტორში კითხვებს აჩენს...

- CFD მექანიზმით გამოცხადებულ მიმდინარე აუქციონში მიიღებთ მონაწილეობას?

- ამ ეტაპზე - არა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ახლა გამოცხადდა აუქციონი 300 მეგავატის სიმძლავრის ენერგოობიექტების აშენებაზე. წლის ბოლოს კი გამოცხადდება მეორე აუქციონი 400 მეგავატზე და მასში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენს კომპანიას პორტფელში აქვს როგორც PPA მემორანდუმებით მხარდაჭერილი პროექტები, ასევ მხარდაჭერის გარეშეც ვაშენებთ გენერაციის ობიექტებს და ვისარგებლებთ CFD მექანიზმითაც.

- ორი წლის წინ BMG-სთან ინტერვიუში ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის სურვილი გამოთქვით. დღესაც ხედავთ ამის საჭიროებას?

- მე მივესალმები ყველა სიახლეს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკას წაადგება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავისი საკურატორო მიმართულებით ყველას თანაბრად უდგას გვერდში და მცირე ჯგუფით ჩხუბობს ჩვენთან ერთად და იბრძვის, თუმცა გაცილებით ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა გაცილებით დიდი კომფორტი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები