წელს, 21 ნოემბრიდან „პეგას ტურისტიკი“ ქართულ ბაზარზე ეგვიპტის მიმართულებით რეისებს აღადგენს.
როგორც კომპანიის PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი სალომე ბერაია BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განმარტავს, ზაფხულში ფრენები დროებით შეჩერებული იყო მომხმარებელთა შიშის გამო, რომელიც ადგილზე ტურისტული ვიზიტის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.
„მესმის ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით მშობლების, რომლებსაც არ სურდათ მცირეწლოვანი ბავშვების გაგზავნა ისეთ ადგილას, სადაც ოდნავი ეჭვიც კი შეიძლებოდა გაჩენილიყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, დროებით შეგვეჩერებინა ეგვიპტის რეისები“, – აღნიშნა ბერაიამ.
მისივე თქმით, ზამთრის სეზონისთვის დაიგეგმა კვირაში ერთი ჩარტერული ფრენა, რომელიც პარასკევს შესრულდება, რათა მომხმარებლებს შაბათ-კვირის სრული ათვისების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ბერაიას შეფასებით, მოთხოვნა ეგვიპტეზე მაღალია: „მთელი ზაფხული მომხმარებლები რეკავდნენ და კითხულობდნენ ამ მიმართულებას. უკვე ახალი წლის ჯავშნებიც აქტიურად შემოდის“, – განაცხადა მან.
ის ასევე ამახვილებს ყურადღებას ადრეული ჯავშნების ტენდენციაზე, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მისი ინფორმაციით, მომხმარებლები დარწმუნდნენ, რომ ეს პრაქტიკა რეალურ ფასდაკლებას იძლევა და ბიუჯეტის 40–45%-მდე დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.




























