მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

22 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა – "მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს"

623ac52e782c7
მარიამ ვარადაშვილი
23.03.22 11:00
990

საქართველოში მოქმედი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართვს და მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს როგორც უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, ასევე ღიად დაუჭიროს მხარი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. 

ამას გარდა, ხელმომწერი ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ ფართო განხილვით საზოგადოებას აცნობონ იმ ეკონომიკურ გავლენაზე, რაც ამ ომს საქართველოზე ექნება.

“ახლა ჩნდება ისტორიული შანსი, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ქართველების მრავალი თაობის სურვილი და ნაღვაწი, რომ საქართველო რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამიტომ, დღეს საქართველოს პოზიციაში ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს – ის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს დასავლეთის და განვითარებული მსოფლიოს გვერდით,  საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები,  ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით. 

იმ მიზნით რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული და გატარებული ცხოვრებაში, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  1. მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის; 

  2. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;

  3. „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;

  4. მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით; 

  5. საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე; 

  6. პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.

მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს, თავი დაიზღვიოს საბედისწერო შეცდომების დაშვებისაგან და  მყარად დაიკავოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. გამოვთქვამთ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების განხორციელებაში ჩართვის მზადყოფნას, სადაც კი ეს შესაძლებელია”,-წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაზე ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  3. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  4. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

  5. ცენტრი "ემპათია"

  6. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი 

  7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  9. საზოგადოება და ბანკები 

  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

  12. მწვანე ალტერნატივა

  13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

  14. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

  15. ევროპის ფონდი

  16. უფლებები საქართველო

  17. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

  18. ლიბერალური აკადემია

  19. საქართველოს ატლანტიკური საბჭო

  20. ადამიანის უფლებათა ცენტრი

  21. საფარი

  22. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები