უკრაინა-აშშ-ს მოლაპარაკებები საუდის არაბეთში, ქალა ჯიდაში დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის საუბარი თითქმის რვა საათი გაგრძელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომ უკრაინა დათანხმდა აშშ-ს წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ასევე წერია, რომ აშშ ვალდებულებას იღებს, განიხილოს ეს წინადადება რუსეთის მხარესთან.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის და „უსაფრთხოების დახმარების“ მიწოდებას.
ვაშინგტონმა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა გასულ კვირას შეწყვიტა, როცა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
მაიკ უოლცი კი ახლა ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.
"ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს უკრაინელი ხალხის გამბედაობას საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა, დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესი. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა გულწრფელი მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ს კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მშვიდობის მიღწევს გზაზე.
დელეგაციებმა, ასევე, განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჰუმანიტარული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით, აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს. მათ შორის, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაზე”, – ვკითხულობთ უკრაინული მხარის განცხადებაში.