ევროპელი ლიდერები ლონდონის სამიტზე, რომელზეც უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა, ოთხ ნაბიჯზე შეთანხმდნენ. როგორც სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, შეთანხმებული ოთხი ნაბიჯი შემდეგია:
- უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება ომის მიმდინარეობის პარალელურად და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;
- ხანგრძლივმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იჯდეს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან;
- სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ევროპელი ლიდერების მიზანი უნდა იყოს რუსეთის მიერ უკრაინაში სამომავლოდ შეჭრის შეჩერება;
- იარსებებს "მსურველთა კოალიცია", რომელიც დაიცავს უკრაინას და ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტიას.
გარდა ამისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1.6 მილიარდ ფუნტს, უკრაინისთვის 5000 საზენიტო რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, "ჩვენ ახლა ისტორიის გზაგასაყარზე ვართ".
"ახლა არ არის უფრო მეტი საუბრის დრო, ახლა მოქმედების და გაერთიანების დროა ახალი გეგმის ირგვლივ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - აღნიშნა მან.
სტარმერის განცხადებით, "ეს არის გეგმა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ აშშ-სთან ერთად და აშშ-ის მხარდაჭერით. სწორედ ამიტომ ვესაუბრე წუხელ დონალდ ტრამპს".
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც აშშ-ის ჩართულობას ეხებოდა, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა:
"მე არ ვეთანხმები იმას, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა, არ არსებობს სხვა ორი ქვეყანა უფრო ახლოს, როგორც ჩვენი ქვეყნები არიან".




























