ევროპელი ლიდერები ლონდონში იკრიბებიან. დაგეგმილია სამიტი, რომელზეც უკრაინის მხარდაჭერის და უსაფრთხოების გეგმები უნდა განიხილონ.
სამიტს ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
როგორც Sky News-ი წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნები "უკმაყოფილოები" არიან იმის გამო, რომ ლონდონის სამიტზე არ მიიწვიეს.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში 1 მარტს ჩავიდა, რა დროსაც შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას 2,8 მლრდ დოლარი სესხის სახით გადაეცემა თავდაცვის დაფინანსებისთვის. სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება.
ცნობისთვის, ლონდონის სამიტს წინ 28 თებერვალს ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, ბრიტანეთი და საფრანგეთი კიევთან ერთად იმუშავებენ და განიხილავენ აშშ-სთან ერთად ნაბიჯების გადადგმის გეგმას.