"ევროპამ გაიღვიძა" , - ასე გამოეხმაურა უკრაინის საკითხზე ლონდონში გამართულ სამიტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. როგორც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, სამიტზე "ყველა საუბრობდა ერთ ხმაში უკრაინის დახმარებაზე, მჭიდრო ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობასა და აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერებაზე".
კომენტარი ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ "ერთადერთი, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, არის მშვიდობა უკრაინაში, რომელიც არ იქნება ხანგრძლივი".
"ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოთავაზებულის შეფასებისას, განსაკუთრებით ამ საკვანძო კითხვის საპასუხოდ: შეიძლება თუ არა დაირღვეს ეს მშვიდობა? რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ეს მოხდა წარსულში", - აღნიშნა მან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი X-ზე დაწერა, რომ "ტრანსატლანტიკური მოკავშირეების" NATO-ში ყოფნა აშშ-ში, კანადასა და ევროპაში "უსაფრთხოებისთვის წამყვანი ფაქტორია".
მისივე თქმით, ალიანსი ბოლო წლებში ძლიერდება "ახალი წევრებით და თავდაცვის დანახარჯებით და ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ".
ნიდერლანდების პრემიერმა დიკ შჰოფმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპამ „უფრო მეტი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისივე თქმით, „კარგი ტრანსატლანტიკური კავშირები ასევე აუცილებელია“.




























